პოლიტიკა
უკრაინაში ომის დაწყებიდან მოკლულია 38 450 რუსი ჯარისკაცი - რუსეთის დანაკარგები
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ივლისამდე უკრაინული სამხედრო ძალების მიერ ლიკვიდირებულია 38 450 რუსი ჯარისკაცი.

უკრაინის გენშტაბის ფეისბუქ გვერდზე ატვირთულ სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ რუსულმა არმიამ უდიდესი დანაკარგი ბოლო დღეებში ბახმუტის მიმართულებით განიცადა.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან განადგურებულია 1687 რუსული ტანკი, 3886 ჯავშანტექნიკა, 849 საარტილერიო სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 690 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 166 ფრთოსანი რაკეტა, 2753 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 15 გემი, 70 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლი უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და სრულმასშტაბიან ომს დღემდე „სამხედრო სპეცოპერაციად“ მოიხსენიებს, რომლის მიზნად ვლადიმირ პუტინს გამოცხადებული აქვს „უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“.
| Print |
FaceBook Twitter Google