პოლიტიკა
მზად ვართ, იოლად ავიღოთ კიევი და NATO-ს ქვეყნები - კადიროვი
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდეტი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური დანიშნულების პოლკი - ჩრდილოეთ ახმატი“ ამ დროისთვის სრულად დაკომპლექტებულია.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რამზან კადიროვი თავის ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. კადიროვი წერს, რომ პოლკის შემადგენლობაში სირიასა და უკრაინაში გამოცდილი მეომრები არიან.

ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში კადიროვმა განაცხადა, რომ იგი შექმნიდა მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ჩეჩნურ ბატალიონებს: ჩრდილოეთ, სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ახმატს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ჯარების შემადგენლობას შეავსებენ.

„კვლავ მზად ვართ, ბრძანების შესაბამისად წინ წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები. რეალურ ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მსოფლიოს ვერანაირი არმია“, - წერს კადიროვი.

მისივე შეფასებით, მათ [ჩეჩნეთის] სიძლიერეს „დასავლეთი ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აფასებს“.
აღსანიშნავია, რომ კადიროვი არ ახსენებს, თუ კონკრეტულად NATO-ს რომელ ქვეყნების აღებაზეა საუბარი.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს, რუსეთის გარდა, ვერავინ შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიოს „სისაძაგლეს, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს“ და მხოლოდ ვლადიმირ პუტინის ბრძანებაც კი საკმარისია, რომ „გაანადგურონ დასავლეთის სახელმწიფოთა ცრუდემოკრატიული, ფსევდოლიბერალური და სამხედრო-ბარბაროსული კამპანია“.


| Print |
FaceBook Twitter Google