პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის - ღარიბაშვილი ფონ დერ ლაიენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ „უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა და ფაქტობრივ უზუსტობას მოიცავს“.

ირაკლი ღარიბაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ევროპარლამენტს.

პრემიერ მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“. რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, “განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა“.

„ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა,“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს.

ღარიბაშვილის განმარტებით, იგი ამ წერილში არ ისაუბრებს ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არსებული არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და უზრუნველყოფაში. პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ თავისი ნებით წავიდა და, შესაბამისად, მსგავსი სახის ბრალდება, რომ ქვეყანას არა პრემიერი, არამედ ბიძინა ივანიშვილი მართავს, როგორც მისთვის, ასევე ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ წერილში წერს, რეზოლუცია გამოიყენეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივნიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად, რაც, პრემიერის აზრით, ნიშნავს იმას, რომ ბანკი ევროპარლამენტის რეზოლუციას იყენებს ივანიშვილის კანონიერი უფლების შესალახად და ეს საქართველოს დისკრედიტაციაა.

„მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით.

თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს,“ - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ღარიბაშვილი წერილში ასევე საუბრობს იმაზე, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუციაში დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში,“ - ვკითხულობთ წერილში.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი სავალდებულო პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს, რის შემდეგაც, გადაწყდება ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველოსთვის წარდგენილი 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, თუმცა ოლიგარქები არიან ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და ამჟამად დაპატიმრებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.





| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.