პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი პუტინის ახალ კონცეფციაზე-ეს რუსული ექსპანსიონიზმის მორიგი ეტაპია
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ქვეყნის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ - აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთსა და მოლდოვას, ამ ქვეყნებთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება აღნიშნულ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა - ნათქვამია კონცეფციაში.

იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავს პუტინის ახალი განკარგულება საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის, საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განკარგულება რუსეთის ექსპანსიონიზმის მორიგი ეტაპია.

„რა თქმა უნდა, ეს რუსული ექსპანსიონიზმის აშკარა იმპერიალიზმის გაგრძელების მორიგი ეტაპია, თუმცა არა ახალი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსული იმპერიალიზმი იყო ფეხმოკიდებული, ასე ვიტყოდი, მათ უკვე დაიწყეს რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერა, პასპორტების გაცემა. ახლა ისინი ამ ყველაფერს ახლიდან უბრუნდებიან, უკრაინის ომიდან გამომდინარე. თუცმა, ამჯერად სულ სხვა დონეზე,“ - გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.

მისი შეფასებით, პუტინის მიერ დამტკიცებული „ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია“ ამ ეტაპზე უშუალოდ საქართველოს არ ეხება და მიმართულია იმ ქვეყნებისკენ, სადაც მოსახლეობისთვის რუსული ენა მშობლიურია.

„მგონია, რომ ეს პირდაპირ საქართველოს არ ეხება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირიბად არაფერი შეგვეხება, თუკი მოინდომებენ.

ეს განკარგულება ეხება მოლდავეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, უკრაინას, სადაც ცხოვრობს რუსული ენის მატარებელი მოსახლეობა, ვისთვისაც რუსული მშობლიური ენაა. საქართველოში პრაქტიკულად ასეთი მოსახლეობა არ არსებობს, მათ შორის, არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

იგი განმარტავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობისთვის მშობლიურია ოსური და აფხაზური ენები და იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მათგანისთვის, შესაძლოა რუსული ძირითადი სასაუბრო ენაა, ისინი რუსულს მშობლიურ ენად არასდროს აღიარებენ.

„ისინი [ოსები და აფხაზები] თავს უფლებას არ აძლევენ, რომ მშობლიურად რუსული ენა გამოაცხადონ. მათთან რეფერენდუმიც რომ ჩატარდეს, ვნახავთ, რომ აფხაზებისა და ოსების აბსოლუტური უმრავლესობა თავის მშობლიურ ენად თვლის ოსურსა და აფხაზურს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის რუსული მართლაც ძირითადი სასაუბრო ენაა, იქ სირცხვილია ამის აღიარება. ოსები უკეთ ფლობენ ოსურს, ვიდრე აფხაზები აფხაზურს. ცხინვალში რუსულად საუბარი უჭირთ კიდეც, მაშინ, როდესაც აფხაზეთში უმრავლესობამ კარგად იცის რუსული, ხოლო აფხაზური მათთვის მეორე ენაა. ამის მიუხედავად, ისინი არასდროს იტყვიან, რომ რუსული მათი მშობლიური ენაა,“ - ამბობს SPEQTRI.GE-სთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეს კონცეფცია პირდაპირ უკავშირდება ყაზახეთს, მოლდავეთს, ბალტიისპირეთს, ყირგიზეთს, უკრაინასა და ძირითადად იმ ქვეყნებს, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად რუსები, რომლებიც ცალსახად და მკაფიოდ ამბობენ, რომ მათი მშობლიური ენა არის რუსული.

„შესაბამისად, ასეთ ხალხს მოუწევს გადააფასოს საკუთარი შეხედულებები და გადავიდნენ ყაზახურ, მოლდოვურ, უკრაინულ, ბალტიისპირეთის ქვეყნების ადგილობრივ ენებზე იმიტომ, რომ სხვანაირად მათ მეტად გაუჭირდებათ იმ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ახლა იმყოფებიან. რუსეთი არასდროს დაუშვებს ამას,“- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებს, პაატა ზაქარეიშვილი ამ დროისთვის, საფრთხეს ვერ ხედავს.

„საქართველოში ამ დროისთვის შემოსული რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას, 90%-ს, თუ მეტს არა, საუკეთესო შემთხვევაში აქვთ 90-დღიანი ვიზები. ეს ხალხი მალე გავა საქართველოდან.
საუბარია იმ ხალხზე, ვინც მუდმივად ცხოვრობს ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს რუსული იდენტობა. საქართველოში შემოსული ტურისტები აქ არიან დროებით. ამ წუთში მათში საფრთხის დანახვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

თუმცა, მას შემდეგ, რაც დასრულდება საომარი მოქმედებები, მათთვის რუსეთში დაბრუნება საფრთხე აღარ იქნება და თუკი არ დაბრუნდებიან, მაშინ იქნება საფრთხე, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი საქართველოს მოქალაქეებიც არ არიან. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საფრთხეს. თუკი საქართველოს მთავრობა მათ მისცემს მოქალაქეობას, მერე იქნება პრობლემა, მაგრამ დღეს ისინი აქ არიან დროებით. მათთვისაც, ვინც აიღო დროებითი ცხოვრების უფლება, ესეც 6-თვიანია ან მაქსიმუმ ერთწლიანი ალბათ. ჯერჯერობით ამ მიმართულებით, ვერ ვხედავ საფრთხეს,“ - გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.

თუმცა ის აქვე ამბობს, რომ რუსეთისგან პროვოკაციას ყოველთვის უნდა ველოდოთ.
| Print |
FaceBook Twitter Google