პოლიტიკა
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პრაგმატულ მიდგომას - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
კრემლი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ანტირუსულ სანქციებთან მიმართებით პრაგმატულ მიდგომას შეინარჩუნებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა ისაუბრა.

ერთი-ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტმა გონჩარს ჰკითხა, ხომ არ გახდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზი ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

„მართებული იქნებოდა ამ კითხვის ბრიუსელისკენ მიმართვა, ასევე ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ხელმძღვანელებისკენ, რომლებმაც ივნისში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.
რაც შეეხება ევროკავშირის მიერ შემოღებულ არალეგიტიმურ ანტირუსულ შეზღუდვებს, ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ხელმძღვანელობს ხალხის და ეროვნული ბიზნესის ფუნდამენტური ინტერესებითა და არა გარედან თავსმოხვეული კონფრონტაციული სქემებით“, - განაცხადა გონჩარმა.

მისივე თქმით, "მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული ყველა პოლიტიკური პერიპეტიისა“, რუსულ-ქართული დიალოგი არ შეწყვეტილა. იგი მიიჩნევს, რომ თბილისთან ორმხრივი კომუნიკაციის მნიშვნელოვან არხად, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრების არაფორმალური მექანიზმი რჩება.

„ცნობილი საკარანტინე შეზღუდვების გათვალისწინებით, 2020 წლიდან კარასინსა და აბაშიძეს შორის შეხვედრები დისტანციურად მიმდინარეობდა. უკანასკნელი (ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით) 2021 წლის ნოემბერში ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართა. მას შემდეგ კონტაქტი შენარჩუნებულია ტელეფონით. პრაქტიკულ სიბრტყეში სანიტარულ -ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზების გათვალისწინებით, დადგება საკითხი მორიგი შეხვედრის პირისპირ რეჟიმში გამართვის შესახებაც“, - განაცხადა გონჩარმა.

იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამხედრო გზაზე საგუშაგოების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა საზღვარზე რუსულ-ქართული უწყებათაშორისი კონსულტაციების რამდენიმე შეხვედრის პირისპირ გამართვა, რაც მისი თქმით, უკვე გათვალისწინებულია განხორციელებულ შეთანხმებებს შორის.

დენის გონჩარმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელთა ვიზიტზე. იგი მიჩნევს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთგაგების ერთობლივ უნარს.

„ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 2021-2022 წლებში ერთობილივი ძალისხმევით ჩრდილოეთ ოსეთიდან მომლოცველთა ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა გამგზავრებულიყო საქართველოს ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობაში მდებარე საგვარეულო სამარხების მოსანახულებლად. ეს ადასტურებს მოსკოვისა და თბილისის უნარს, კეთილი ნების სულისკვეთებით ურთიერთგაგებას მიაღწიონ ასეთ მგრძნობიარე საკითხებზეც კი“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი.

გონჩარმა კომენტარი საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზეც („ღირსეული პარტნიორი 2022“) გააკეთა.

იგი ამბობს, რომ „საქართველოს ნატოში შეთრევის კურსი, აშშ-სა და ალიანსის წევრების მონაწილეობით, ქვეყნის თანამედროვე იარაღით გატენვა არა მხოლოდ რუსეთის და რეგიონში მისი მოკავშირეებისთვისაა გამოწვევა, არამედ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“.
| Print |
FaceBook Twitter Google