პოლიტიკა
იკრძალება საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარების ხელშემწყობი პროექტები - ინალ არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან ერთად, იმ პროექტებსაც კრძალავს, რომლის მიზანიც აფხაზითის ე.წ რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებაა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების მიმართ გადადგმული ნაბიჯი „გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობითაა“ განპირობებული.

მისივე განმარტებით, USAID-ს აფხაზეთში 8 მილიონიანი პროექტი უნდა განეხორციელებინა და სამინისტრომ მიიღო კითხვარი, რომელიც „პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს“ შეიცავდა.

„ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ლტოლვილებს შორის”, – განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, „ბუნდოვანი მიზნები და ამოცანები“ ემსახურება მთავარ მიზანს - „სოციალური პირობების შექმნას აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკის ხელშეწყობისთვის“, რაც ასევე ეხება USAID-ის ოფიციალურ სტრატეგიას. აფხაზეთი ამ დოკუმენტში ითვლება „ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად“ და ყველა ქმედება მიმართულია „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა“ და „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“.

„აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები: USAID-ის რეგიონალური დირექტორი ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება, ახალი პროექტები USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით აღარ იქნება სერტიფიცირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, იკრძალება ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებაა. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაამტკიცებს ბუნდოვან და არაზუსტ ინფორმაციას, რომელიც სრულად არ ასახავს პროექტის მიზნებსა და ამოცანებს“, - განმარტავს არძინბა.

| Print |
FaceBook Twitter Google