პოლიტიკა
დაიძრა მატარებელი, რომელიც ჩაგვიყვანს ევროკავშირში - პაატა ზაქარეიშვილი კანდიდატის სტატუსზე
2023 წლის 14 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში საზეიმო დღედ იქცა. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ქართველი ხალხისთვის დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა და ჩვენმა სახელმწიფომ ევროპული მომავლისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ისტორიაში ყველაზე სერიოზულ დადებით მოვლენად აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge-სთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ ეს არი უდიდესი წარმატება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე სერიოზული დადებითი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენს ისტორიაში ბევრი, უფრო ტრაგიკული თარიღებია, ვიდრე დადებითი და პერსპექტივაზე ოპერირებული. ეს არის მეორე თარიღი. მესამე - ევროკავშირში გაწევრიანება იქნება. დაიძრა მატარებელი, რომელიც ჩაგვიყვანს ევროკავშირში. პროცესი აუცილებლად დასრულდება ევროკავშირში გაწევრიანებით.

ამდენხანს ყველა ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან იყო სამეზობლო. ჩვენ მეზობლები გვყავს - სახლში, ბინაში, კორპუსში და იმათ თავისი ავტონომია აქვთ, ჩვენ - ჩვენი. სხვა არის, როდესაც შენ ოჯახის წევრი ხდები. ჩვენ დავიწყეთ სამეზობლოდან გადასვლა ოჯახის წევრობაზე,“ - გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, საქართველო ათ-თხუთმეტ წელიწადში გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და სახელმწიფო არსებითად შეიცვლება.

„ათ წელიწადში, მაქსიმუმ თხუთმეტ წელიწადში გავხდებით ევროკავშირის წევრები. ამასობაში საქართველო არსებითად შეიცვლება. ეს ათი-თხუთმეტი წელი იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა, რათა ჩვენ გავიაროთ ყველა რეფორმა, მივიღოთ ის მდგომარეობა, რაც ასე მოგვწონს ევროკავშირში. ჩვენ ვიქნებით იმ ღირებულებების, ინსტიტუტების, ურთიერთობების მატარებლები, რაც მოგვწონს ევროკავშირში.

რა თქმა უნდა, საჭირო იქნება საარჩევნო სისტემის, სასამართლო სისტემის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და უსაფრთხოების საკითხების რეფორმირება. უამრავი საკითხი, რასაც დღეს ეყრდნობა დღევანდელი ხელისფულება უნდა გაუქმდეს.

უსაფრთხოების სამსახურები არ უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული - ისინი უნდა ემსახურებოდნენ და არა მართავდნენ პოლიტიკას. თვითმმართველობა უნდა იყოს დეცენტრალიზებული - რაც შეიძლება მეტი უფლებები უნდა ჰქონდეთ ადგილზე, ფული უნდა რჩებოდეს ადგილზე, გაყოფილი უფლებოსილება თბილისსა და რეგიონებს შორის. უნდა იყოს მრავალპარტიულობა პარლამენტში, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი - ვერავინ უნდა ერეოდეს და კარნახობდეს, როგორ უნდა იქცეოდეს, უნდა შეიცვალოს რეგიონალური პოლიტიკა, უნდა იყოს მეტი ურთიერთობები რეგიონალურ მოთამაშეებთან, რესეთის გავლენა საერთოდ უნდა გაუქმდეს, საერთო ენა უნდა გამოვნახოთ ჩვენს თანამემამულეებთან- აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. უამრავი საკითხი უნდა შეიცვალოს და ამ საფუძვლების გარეშე ქართული ოცნება ვერ იარსებებს. შესაბამისად, ის არ იქნება პოლიტიკაში. როცა ჩვენ შევალთ ევროკავშირში, “ -ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

შეკითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს 2024 წლის არჩევნებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე, პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ არჩევნებმა შეიძლება შეაფერხოს, თუმცა არ გააუქმებს ჩვენს მოძრაობას ევროკავშირისკენ.

„არჩევნები გავლენას იქონიებს, მაგრამ ჩვენ ევროპულ გზაზე უკვე ვდგავართ. მატარებელი ზოგჯერ ჩქარა მიდის, ზოგჯერ- ნელა. ჩერდება კიდეც ხანდახან, მაგრამ ვიცით, რომ აუცილებლად ჩავა ბოლო სადგურში. ამ გზაზე, შესაძლოა იყოს, შეფერხებები, გაჩერებები დიდიხნით, ცოტახნით, ნელა სიარული, ჩქარა სიარული. ამ არჩევნებმა შეიძლება შეაფერხოს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოძრაობა. თუ გაყალბდება, თუ აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემა არის არასრულყოფილი და არ წარმოაჩინა საქართველოში არსებული რეალური სურათი, მაგრამ ეს არ გააუქმებს ჩვენს მოძრაობას ევროკავშირისკენ.

ევროკავშირი მეტად დაკვირვებული, მეტად კრიტიკული იქნება. ჩვენს მიმართ სულ სხვა მოთხოვნები იქნება. სამეზობლოში შეიძლება ეპატიებინათ, მაგალითად, კორუფციის ნიშნები, მაგრამ კატეგორიულად ვერ გვაპატიებენ ამას ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში. აქამდე გაყალბების რაღაც ნიშნებზე შეიძლება თვალი დაეხუჭათ, მაგრამ ევროკავშირში ამას აღარ გვაპატიებენ. სხვა კლასში, სხვა ცივილიზაციურ კონტექსტში გადავედით, სადაც ჩვენ არ გვპატიობენ იმას, რასაც ადრე,“ - ამბობს პაატა ზაქარტიშვილი.

პოლიტოლოგის განმარტებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვერ აკმაყოფილებდა ევროკავშირის ძველ სტანდარტებს, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა ევროკავშირის მხრიდან ახალი სტანდარტების ჩამოყალიბება.

„ამ პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს, არც უკრაინა, არც მოლდოვა და არც საქართველო არ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომ მოვხვედრილიყავით ევროკავშირში. აშკარაა, რომ რუსეთის შეჭრამ [უკრაინაში] ევროპას დაანახა, რამდენად საშიში, კატასტროფული ენერგია გააჩნია რუსეთს და საჭიროა, დაიცვას ის ხალხები, ვინც მიისწრაფვის დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ, ამიტომ მათ თავის სტანდარტებს გადახედეს. ეს რომ არ ყოფილიყო, დარჩებოდა ძველი სტანდარტები. რუსეთის ფაქტორი ხელს უშლის, ამ ქვეყნებში ევროკავშირისთვის დამახასიათებელი უფრო მაღალი სტანდარტების ჩამოყალიბებას. სხვანაირად რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ჩვენ არ მოვხვედრილიყავით [ევროკავშირში].

ევროკავშირი ხვდება იმას, რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტებით რუსეთს აძლიერებდა და აძლევდა საშუალებას, ხელები ეფათურა ამ ქვეყნების შიდა საქმეებში და ხელი შეეშალა ამ სახელმწიფოების ევროკავშირში ოდესმე გაწევრიანებისთვის, „ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google