პოლიტიკა
რას გვიმალავენ- ამერიკული კანონის შინაარსი
“ქართული ოცნებიდან” კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.
• 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს, ვლადიმერ პუტინი, “ქართული ოცნების”მსგავსად, სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.

• შედეგად, კანონის მიღებიდან მალევე, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან.

• 2022 წლის პირველ დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით.

მთლიანობაში, ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ მდგრადი დაფინანსება მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უშლის რუსულ ბიზნესს, დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ქართული ოცნება ისე საუბრობს ამერიკულ FARA-ზე, რომ ადამიანებს არ ეუბნება მთავარს:


რა არის FARA:

მარტივად — ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონი, რათა ნაცისტური იდეებისგან დაეცვა საზოგადოება და პოლიტიკა.

კონტექსტი — იმ დროს, ნაცისტური გერმანია, ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით, აგრესიულად აფართოებდა საკუთარ გავლენას ევროპაში და არამხოლოდ; ნაცისტური რეჟიმი ცნობილი იყო თავისი დახვეწილი პროპაგანდისტული ტექნიკით, რომლის მიზანი იყო საკუთარი იდეოლოგიის გავრცელება და მხარდაჭერის მოპოვება საზღვარგარეთ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები უშუალოდ არ იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომში 1941 წლის 7 დეკემბრამდე, ქვეყანაში მაინც არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც სიმპათიით იყვნენ განწყობილი ნაცისტური იდეოლოგიის მიმართ და მხარს უჭერდნენ ქვეყნის იზოლაციონისტურ პოლიტიკას.

მათგან ზოგი აქტიურად უწყობდა ხელს ნაცისტურ პროპაგანდას და ცდილობდა, გავლენა მოეხდინა ამერიკის საზოგადოებრივ აზრზე, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში ჩართვის საწინააღმდეგოდ.


ფოტო: მოძრაობის მხარდამჭერები ჩიკაგოს არენაზე, "ამერიკის პირველი კომიტეტის" შეკრებაზე, სადაც მომხსენებლები ავრცელებდნენ მოწოდებებს ქვეყნის იზოლაციონისტური პოლიტიკის სასარგებლოდ და ეწინააღმდეგებოდნენ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, ბრიტანეთისთვის მხარდაჭერის გაწევას.

FARA-ს აღსრულებით კი, აშშ-ს მთავრობას ნაცისტური პროპაგანდისტული მცდელობების იდენტიფიცირება და წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, ისევე, როგორც ჯაშუშობის აღკვეთა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა.

ამან ხელი შეუწყო ნაცისტების მხარდამჭერების გამოვლენას და ასევე, ჩაშალა მათი ძალისხმევა, შეერყიათ ამერიკული დემოკრატია ნაცისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციით.

ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ:

• 1938 წლიდან დღემდე, ეს კანონი ბევრჯერ შეიცვალა და დღევანდელი შინაარსით, მიმართულია იმ პირთა მიმართ, რომლებსაც სხვა, უცხო ქვეყნების დაფინანსებით ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ და ამისთვის ინსტრუმენტად იყენებენ ლობისტურ საქმიანობას, ან ინფორმაციის, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

• ასეთ შემთხვევაში კანონი აკისრებს ვალდებულებას, დარეგისტრირდნენ და განაცხადონ საკუთარი საქმიანობის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტში.

• ამერიკაში უცხოეთის აგენტებად არის ცნობილი ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა: რუსული Russia Today, ჩინური China Daily, იაპონური NHK. ამ დროს კი, რუსეთში უცხოეთის აგენტად არიან გამოცხადებული როგორც უცხოური, ასევე, ადგილობრივი დამოუკიდებელი გამოცემები, მათ შორის: დოჟდი, მედუზა, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, ბელინგქეთი, დოიჩე ველე, ინსაიდერი.

წყარო- On.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები Fara / On.ge / კანონი /