საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის
კონფერენციაზე (URC 2024) ბერლინში ჩავიდა. კონფერენციის გახსნამდე
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გამოხატავს საქართველოს პოზიციას
რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და მხარდაჭერას უკრაინის
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მან ასევე ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის
მიმართ.
“მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ
ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს
უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში.
ქართველი ხალხი გამორჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი
ხალხის მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული
ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი
ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის
აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“- განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს
შორის გარკვეული სირთულეებია, რაც “გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა
გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის
გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება”.
“არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას
იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს,”-
ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, “ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება
წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის".
ცნობისთვის, უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) ბერლინში 11-12
ივნისს გაიმართება.
ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების
აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის
საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.
მასალის გამოყენების პირობები