თვითმმართველობა
"ხელისუფლება უკვე ბიუჯეტის დამტკიცებასაც აყალბებს"
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ხმაური ბიუჯეტში გაწერილმა თანხებმა გამოიწვია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა ნიჟარაძის თქმით, ახალი ბიუჯეტი ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმებაზე და მათ ხელფასებზეა მორგებული.
"ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოწოდება იყო, რომ ბიუჯეტი მოსახლეობაზე ყოფილიყო გათვლილი და არა ჩინოვნიკების ჯამაგირზე და ოცნების აქტივისტების დასაქმებაზე. სამწუხაროდ, საკრებულომ ეს არ გაითვალისწინა. ბიუჯეტი ისევ მორგებულია პრემიებზე და დანამატებზე. არც ერთი თეთრი არ არის გამიზნული მოსახლეობის საკეთილდღეოდ. შესაბამისად, ჩვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა."-აღნიშნა მან.

როგორც საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე სირბილაშვილი ამბობს, უკეთესი იქნებოდა თუ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მეტი თანხა დაეთმობოდა.
"სწორედ, ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩადებული მცირე თანხები. უფრო მეტი გაურკვეველი ფინანსები კი მომრავლებულ სხვადასხვა ააიპი-ზეა გადანაწილებული. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ბიუჯეტს ჩვენმა ფრაქციამაც არ დაუჭირა მხარი."-განმარტა მან.

დეპუტატების აზრს, რომ თანხები არასწორად არის გაწერილი, არ ეთანხმება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნატო გონგაძე.
"2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიონ 405 ათასით განისაზღვრა. სესიაზე გაჟღერდა, რომ თანხები არასწორად გადანაწილდა, მაგრამ ამ აზრს არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ ბიუჯეტი სწორედაც ხალხზეა მორგებული. თანხები დაემატა მრავალშვილიანების და სტუდენტების დაფინანსებას. ასევე ფინანსდებიან დიალეზზე მყოფი პაციენტები, მათ უნაზღაურდებათ გზის ხარჯები. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იქაც ყველაფერი მიზნობრივად არის გაწერილი."-განმარტა მან.

საბოლოოდ ბიუჯეტს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", "თავისუფალმა დემოკრატებმა", "ლეიბორისტულმა პარტიამ", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" და "ბურჯანაძის პარტიამ" არ დაუჭირა მხარი. 29 მომხრე და ექვსი წინააღმდეგი - ასეთი შედეგი დააფიქსირა საკრებულომ ხმის მიცემის შემდეგ. ამ ფაქტმა ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. მათი თქმით, კენჭისყრის დროს მმართველმა პარტიამ ხმები ზუსტად ვერ დაითვალა.

"სხდომას 36 დეპუტატი ესწრებოდა. ბიუჯეტს ჩვენს გარდა კიდევ სამი პარტია არ დაეთანხმა. აქედან გამომდინარე, სადღაც 15 ადამიანმა მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ხმები მაინც დაითვალეს 30 მომხრე და ექვსი წინააღმდეგი. ეს არის უკვე სრულიად გაუგებარი, ანუ ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ. დღეს ხელისუფლება უკვე ბიუჯეტის დამტკიცებასაც აყალბებს."-აღნიშნა ნიკა ნიჟარაძემ.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, 2016 წლის ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა.

| Print |
FaceBook Twitter Google