თვითმმართველობა
პრემიას თელავის გამგეობისა და საკრებულოს ყველა თანამშრომელი მიიღებს
29 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო პრემიის გაცემის საკითხს განიხილავს. აღნიშნულ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი ეხმაურება.

"29 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში, ორი საკითხი - მეოთხე და მერვე, თვითმართველი თემი თელავის გამგებელზე პრემიისა და საკრებულოს თავჯდომარეზე პრემიის დამტკიცებას ეხება. ეს ხდება იმ დროს,  როდესაც კახეთში მოსახლეობას ძალიან უჭირს, როდესაც  ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. არის სოფლები, სადაც წყალმომარაგება, გაზი არაა, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ძვირდება ოთხი თეთრით. ყველაზე საინტერესო არის ერთი რამ, გამგებელზე პრემია გაიცემა მხოლოდ იმის გამო, რომ მას რვა მარტს დაბადების დღე აქვს“

საკითხის გარკვევას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ალექსანდრე შათირიშვილთან შევეცადეთ.

- "2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ორჯერადი პრემია ხელფასის ერთმაგი ოდენობით. თანამშრომლებთან შეთანხმებით ერთ-ერთი პრემიას სამ მარტს გავცემთ, რომელსაც როგორც საკრებულოს ასევე გამგეობის ყველა თანამშრომელი მიიღებს. მეორე პრემია დაგეგმილია ან მარიამობისთვის, ან ახალი წლისთვის."

2016 წელს თელავის თვითმმართველობის ბიუჯეტში პრემიისთვის დაახლოებით 180 000 ლარია გათვალისწინებული.


| Print |
FaceBook Twitter Google