თვითმმართველობა
რატომ არ დაუჭირეს მხარი „ნაციონალებმა“ ბიუჯეტის შესრულებას
დღეს გამართულ საკრებულოს სესიაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ დეპუტატებს 2016 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუჯეტის შესრულებას მხარი არ დაუჭირა.

„ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდა 80%-თ, საუბარია 600 000 ლარზე. მე დავსვი კითხვა და აღმოჩნდა, რომ ამ თანხით კი არ დააგეს გზა, ან წყალი კი არ გაიყვანეს, არამედ მთლიანად დაიხარჯა ა.ა.ი.პ-ის თანამშრომლების ხელფასებზე. ამით მოსახლეობას სიკეთე არ მიუღია. ფული აიღეს ყულაბიდან და ჯიბეებში ჩაიდეს „ოცნების“ წევრებმა. სოფელ ბაკურციხეში ერთი თვეა პომპა დაიწვა და ეს პრობლემა ჯერაც არ მოუგვარებიათ.“- აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ნიჟარაძემ.

საკითხის გარკვევას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან ნატო გონგაძესთან შევეცადეთ.

„როდესაც ვდებთ ხელშეკრულებას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საგარანტიოდ ითხოვენ წინასწარ თანხის ჩარიცხვას. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ერთი კოდი აქვს მუნიციპალურ სერვისს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. „ნაციონალები“ ამბობდნენ, რომ მხოლოდ ხელფასებზე დაიხარჯა თანხა, ეს არასწორად დასმული საკითხია. ადამიანი, რომელიც მუშაობს და სოფლის წყლებს არეგულირებს, იმან ანაზღაურებაც უნდა მიიღოს. ვიცი, რომ ტენდერი გამოცხადდა ჭაბურღილის დამწვარ ტუმბოებზე, ასე რომ მხოლოდ ხელფასებში არ გახარჯულა აღნიშნული თანხა.“

ნატო გონგაძის ინფორმაციით, ხარჯვითი ნაწილი 84%-ით შესრულდა, შემოსავლები კი 103%-ით.
| Print |
FaceBook Twitter Google