თვითმმართველობა
2014 წლის წინასაარჩევნო დაპირებების რეალური შედეგები გურჯაანში [Video]
სულ მალე, 2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები იგეგმება. „სპექტრი“ დაინტერესდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 4 წლის მანძილზე რომელი დაპირებები შეასრულა და რა დარჩა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად.

სოფლებში შიდა და სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოასფალტება; გურჯაანის 24-საათიანი წყალმომარაგება; კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ვაზისუბნის, ახაშნის, სოფელ გურჯაანის, კალაურის, კარდენახის, კოლაგისა და ჩუმლაყის - სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია; ახაშნის, ვაჩნაძიანისა და კახიფარის გაზიფიცირება, ასევე ხილისა და ყურძნის გადამამუშავებელი 8 საწარმოს ამუშავება, - ეს იმ დაპირებების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც გია გერგიძემ წინასაარჩევნოდ „სპექტრთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების გადამოწმება, მოსახლეობის დახმარებით ვცადეთ. რა გაკეთდა ბოლო სამი წლის განმავლობაში - ამ კითხვით „სპექტრმა“ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შემთხვევითი შერჩევის პრიციპით გამოკითხა.
„მხოლოდ სანიაღვრეები მოაწყეს გასულ წელს, ისიც ნაწილობრივ. ვითომ გზა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ რაც არის, ისიც ინგრევა. ამბობენ, უკვე დაპროექტებულიაო და ვნახოთ, რა იქნება,“- გვითხრა კაჭრეთის მკვიდრმა შოთა ბაცანაძემ.

პრობლემებზე საუბრობენ სოფელ ჩუმლაყშიც. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, წყლის მოტანა დღემდე შორიდან უწევთ.
„წყალი გვაქვს სოფელში, მაგრამ სათავეს არ ასუფთავებენ და ისეთი მღვრიეა, ვერაფერში ვიყენებთ. ორი კილომეტრის გავლა გვიწევს, რომ სასმელი წყალი მაინც მოვიმარაგოთ,“- ამბობს მარგო ორთოიძე. ვეჯინის მოსახლეობა გზის პრობლემაზე საუბრობს, მათი თქმით, თუკი საკითხი დროულად არ გადაიჭრება, ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

როგორ შესრულდა 2014 წლის წინასაარჩევნო დაპირებები? - ამ კითხვით საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებსაც მივმართეთ.
„უნდა შექმნილიყო ათეულობით ქარხანა, დაგებულიყო ახალი გზები, მოწესრიგებულიყო სავარგულებთან მისასვლელი გზა, გაზიფიცირება, წყალმომარაგება და ა.შ თუმცა, ყველაფერი იმ ნიშნულზეა გაჩერებული, როგორც აქამდე იყო. გერგიძის ადმინისტრაციამ რაც მოახერხა, არის ის, რომ გურჯაანში 2002 წლის შემდეგ გაჩნდა ტერმინი - კორუფცია, პირველი შემთხვევა იყო, როცა გამგეობის თანამშრომელმა ქრთამი აიღო. რამდენჯერმე მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტის სეკვესტრირება, იმ თანამშრომლების ხელფასების შეკვეცა, რომლებიც იღებდნენ 100-120 ლარს. ამის ფონზე მათ არ უთქვამთ უარი პრემიებსა და დანამატებზე. დაპირებების შესრულების მაგივრად, გერგიძე წარმატებული იყო ოპონენტების დევნაში. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის “ ოფისზე. საერთო ჯამში, ეს არის კორუფციით, ნეპოტიზმით გაჯერებული მმართველობის ხანის დასასრული. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაადეკვატური იყო იმ მოთხოვნების მიმართ, რომელიც უჩნდებოდათ ჩვენს თანამემამულეებს. მან შეასრულა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირება - ბევრად უფრო მდიდარი მიდის გამგებლის პოსტიდან, ვიდრე იყო და ბევრად უფრო ღარიბია ხალხი მისი მოსვლის შემდგომ. აი, ეს არის ყველაზე ზუსტი შეფასება მისი დაპირებებისა და ოთხწლიანი მოღვაწეობისა.“ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ბუწაშვილი.

საკრებულოს დეპუტატი „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე დავით ჭუნიაშვილი ფიქრობს, რომ ოთხი წლის განმავლობაში რაღაც დაპირებები შესრულდა, რაღაც კი - არა.
„ 2014 წლის არჩევნების წინ, ქართული ოცნების მაშინდელი კანდიდატის დაპირებები ნაწილობრივ შესრულდა. თუმცა არ ვთვლი, რომ საკმარისია. ჩემი აზრით, უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ხშირად, საარჩევნო კამპანიის დროს, დაპირებები სურვილებს უფრო ჰგავს ვიდრე განსახორციელებელ პროგრამებს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს: სავარგულებამდე მისასვლელ გზების მოხრეშვა და კორექტირება ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ასფალტი უკეთესია. რაც შეეხება 24-საათიან წყალმომარაგებას, ამაზე რეალურად იყო საუბრები, თუმცა არ შესრულებულა. სასმელი წყლის ქსელების რებილიტაციის კუთხით, როგორც ვიცი, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, პროგრესი ნამდვილად არის, თუმცა გასაკეთებელიც კიდევ ბევრია. გაზიფიცირების პრობლემა გარკვეულ სოფლებში მოხსნილია.  რაც შეეხება გადამამუშავებელ საწარმოებს, 2014 წლის გაზაფხულზე გაიხსნა ჩუმლაყის გადამამუშავებელი ქარხანა და ასკანელების ღვინის ქარხანა, ისე უკეთესი იქნებოდა, ამ კუთხით უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგმულიყო.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს ვთხოვეთ ადგილობრივი თვითმამართველობის არჩევნების წინ თავადვე შეეფასებინა, 4-წლიანი მმართველობის პერიოდი. თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. გამგებლის პოზიცია პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა დააფიქსირა: „არჩევნებამდე ხუთი თვე კიდევ არის დარჩენილი და ამ პერიოდში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებ.“





| Print |
FaceBook Twitter Google