თვითმმართველობა
საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეები ეყოლებათ
ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის მოადგილეების დანიშვნის საკითხი დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს, რამაც დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


საკრებულოს დეპუტატის და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ხაზიურის თქმით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა, საკრებულოს ორგანიზაციული თვალსაზრისით დაეხმარება.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი ფრაქციაა. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე შესაძლებელი გახდა, რომ ფრაქციის თავმჯდომარეებს ყოლოდათ მოადგილეები. ამით ისარგებლა ხუთივე ფრაქციამ. ჩემი აზრით ეს დაეხმარება საკრებულოს უკეთესად წარმართოს თავისი მუშაობა.რაც შეეხება თანამდებოებრივ სარგოებს- ფრაქციის თავმჯდომარეს აქვს 1350 ლარი, ხოლო მისი მოადგილის თანამდებოებრივი სარგო 1250 ლარით განისაზღვრა. “

როგორც ჩვენთან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა თემურ ბუწაშვილმა აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა გაზრდილ ბიუროკრატიას ნიშნავს.
„მათ ბუნებრივია ექნებათ სახელფასო სარგო, რომელიც ისევ და ისევ ბიუჯეტიდან ამოდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ვალდებულებაში არიან ხელისუფლებასთან, ამიტომ ხელისუფლება მათ 1200 ლარიანი ხელფასით ასაჩუქრებს. მე არც მომხრე დავაფიქსირე და არც მოწინააღმდეგე. ამაზე ჩემი შუალედური გადაწყვეტილება მაქვს. ვფიქრობ, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, მოსახლეობასთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. მათზე გაცემული ხელფასი, არის ერთგვარი სიკეთის და პატივისცემის დაბრუნება, რომლებიც თავის დროზე მაჟორიტარებმა გაიღეს მმართველი უმრავლესობისთვის .“

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილედ ვასილ უტიაშვილი დაინიშნა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია „გურჯაანის“ თავმჯდომარის მოადგილედ - „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი კობა კუპრაშვილი. ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეებად-ელგუჯა ქათამაძე და თამაზ შიშნიაშვილი. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილედ- დავით პაიჭაძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილედ- ზურაბ ბადრიაშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google