თვითმმართველობა
როგორ აფასებენ კვარტალურ ანგარიშს ხელისფულებასა და ოპოზიციაში
გურჯანის საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2022 წლის პირველი კვარტალური ანგარიშის განხილვას კამათი მოჰყვა.

ანგარიში მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ წარადგინა. საკითხის განხილვამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თემურ ბუწაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

მისი თქმით, სექტორები სრულად არ იყო ჩაშლილი, რაც საზოგადოებაში ბუნდოვანებას აჩენს.

„პროცენტები კარგად გამოიყურება, მაგრამ სექტორების გადახედვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ გვაქვს სერიოზული ლაფსუსები ხარჯვით და გეგმიური ღონისძიების არ შესრულების საკითხზე. დამეთანხმებიან უმრავლესობის დეპუტატები.

კონკრეტული შეკითხვა დავსვი პროცენტებთან დაკავშირებით, რადგან მოსახლეობისთვის შინაარსობრივად გაუგებარია, თუ რაზე დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
როდესაც სექტორი 10%-ზე მეტს ვერ ითვისებს და ამაზე კითხვები არ ჩნდება, ვფიქრობ, ეს საკითხი იმსახურებს სწორ რეაგირებას“-განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილმა.

Speqtri.ge დაინტერესდა ზემოაღნიშნული საკითხით.

თემურ ბუწაშვილის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები ვერ ახდენენ სათანადო რეაგირებას. კერძოდ, ახალგაზრდულმა სექტორმა, რომელსაც წლიური ღონისძიებებისათვის გამოყოფილი აქვს 150 ათასი ლარი, ამ დროისთვის მხოლოდ 10% აითვისა .

„საკრებულოზე ვითხოვე,სექტორების მიხედვით წარედგინათ, როგორც მხარჯველობითი ნაწილი, ისევე იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც კონკრეტული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იცოდეს, როგორ მუშაობს მერია და რა ღონისძიებებს ატარებს. ჩემი კითხვა იყო თავიდან ბოლომდე პროცედურული, რამაც გამოიწვია მმართველი გუნდის მხრიდან უკმაყოფილება იმიტომ, რომ ისინი არ არიან მიჩვეულები საზოგადოებასთან გამჭვირვალე წესით ურთიერთობას და შესაბამისად, მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართ იყო გადაჭარბებული.
ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის ვალდებულებაა, მოსახლეობას ვესაუბროთ მერიის მიერ დახარჯული თანხების შედეგებით. მშრალი ციფრებით ჟონგლიორობა არის აბსოლუტურად მიუღებელი,“ - აცხადებს თემურ ბუწაშვილი.

მისივე თქმით, იანვრიდან დეკემბრამდე დაგეგმილია 4-5 ღონისძიება, რომლის ბიუჯეტიც არის 150 ათასი ლარი.
„გამოდის, რომ თითო ღონისძიება 37-38 ათასი ლარი ჯდება. მე გამიჩნდა კითხვა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, თავს ვაძლევთ უფლებას, ფული დავხარჯოთ იქ, სადაც ხარჯვითი ნაწილი, როგორც მინიმუმ, არ სრულდება?

წლის ბოლოს თანხის დიდი ნაწილი რჩება აუთვისებელი, რომელსაც საბოლოოდ იყენებენ ჯილდოებზე, პრემიებზე და ათას სისულელეზე, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ხალხის დაკვეთას,“-გვეუბნება თემურ ბუწაშვილი.

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ნატო გონგაძე ამბობს, რომ დეტალური ანგარიში წინასწარ იყო გაგზავნილი ყველა დეპუტატთან.
მისი შეფასებით, საკრებულოზე მომხარი კამათი იყო სრული პროვოკაცია.

„როდესაც ანგარიში მზადდება, ის ერთი კვირით ადრე არის ჩაშლილი ორგანიზაციული მოდელის მიხედვით. ყველა დაწესებულების ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც გაიარა კომისია, მოცულობაში არის დაახლოებით 50 ფურცლამდე და საკრებულოზე ამის წაკითხვა შეუძლებელია. მინდა აღვნიშნო, რომ კომისიაზე, სადაც წავიკითხე ეს ყველაფერი, კითხვები არავის ჰქონია,“-გვეუბნება ნატო გონგაძე.

ის განმარტავს, რომ სპორტულ, ახალგაზრდულ და კულტურულ აქტივობებში კვარტალში უნდა დახარჯულიყო 811 ათასი ლარი და დაიხარჯა 600 ათასი ლარი. საბოლოოდ ათვისებულია თანხის არა, 10- არამედ 74% , რაც კანონის მიხედვით, აბსოლუტურად ნორმალურია.

მისივე თქმით, თემურ ბუწაშვილის ბრალდება, რომ ხდება აუთვისებელი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, ტყუილია.

„რაც შეეხება აუთვისებელი თანხების პრემიებსა და დანამატებზე განაწილებას, ეს არის სრული ტყუილი, რადგან ამ ეტაპზე დანამატები არც იგეგმება და კანონითაც აკრძალულია.
თუ ყველა შეზღუდვა მოიხსნება, წელსიმდენი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, პირიქით თანხების დამატება და სპონსორები დაგვჭირდება,“ - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნატო გონგაძე.
| Print |
FaceBook Twitter Google