თვითმმართველობა
სიღნაღის საკრებულო ყველაზე არა- ანგარიშვალდებულ დაწესებულებად დასახელდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2021 წლის ყველაზე არა-ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შორის დასახელდა. კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოქვეყნა.
რაც შეეხება მერიებისა და საკრებულოების რეიტინგის პირველ ათეულს,კახეთის მუნიციპალიტეტიდან აქ მხოლოდ ერთი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოხვდა და ის მეცხრე ადგილზეა. 

კვლევაში ვკითხულობთ,რომ საქართვეოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა, 2021 წელს, 30–ჯერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე, კანონით ნაკისრი ვალდებულება არც ერთხელ შეასრულეს და მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. IDFI-ის კვლევაში 285 საჯარო დაწესებულება მოხვდა, მათ შორის სამინისტროები, რწმუნებულების ადმინისტრაციები, თვითმმართველობები, ააიპ–ები და სხვა საჯარო დაწესებულებები.

„2021 წელს კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გარდა, კიდევ 14 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც სრულად უგულებელყო კანონით დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა IDFI-ის ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. მათ შორისაა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და 13 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია და საკრებულო“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმადვე:

-2021 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8,446 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 6,961 განცხადებაზე (82%);

-2021 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 8,446 მოთხოვნიდან, IDFI-მ 10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო 4,545 შემთხვევაში (54%);

-2021 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (28%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე;

-2021 წელს, კვლავ განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. მაგ, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე და სხვ.

-2021 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 13-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა);

-2021 წელს ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით გამცემი უწყებების რიცხვი 6-ით შემცირდა;

-2021 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ორი პროცენტით გაუმჯობესდა (82%);

-2021 წელს, წინა წელთან შედარებით სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 4%-ით შემცირდა;

-2021 წელს სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 25%-ით შემცირდა, ხოლო თვითმმართველი ერთეულების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 10%-ით გაიზარდა;

-2021 წელს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელი 5%-ით გაუმჯობესდა და 54% შეადგინა. მიუხედავად პროგრესისა, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის გარდა, 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია;

კვლევა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კვლევა / სიღნაღი /