თვითმმართველობა
გრეიდერისთვის საბურავებს კომპანია დაახლოებით 10 დღეში შეიძენს - გურჯაანის მერია
ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ვეჯინში სავარგულებამდე მისასვლელი გზები კვლავ დაზიანებულია. როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ვეჯინში მცხოვრები ელმირა ბეციაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, საჭიროა გრეიდერით მოსწორება, მაგრამ ტექნიკის გაუმართაობის გამო, ეს ვერ ხერხდება.

„წვიმებზე ძალიან დაზიანდა გზები. არადა ხალხი მასიურად ეხლა ნაკვეთებში დადის, დაინგრა ტრანსპორტი. საჭიროა გრეიდერით მოსწორდეს გზა. სოფლის რწმუნებული მეუბნება, რომ გრეიდერს საბურავები დაუსკდა და კაჭრეთში გდია, ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომ ვიყიდოთო,“- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ელმირა ბეციაშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

როგორც მერიაში გვითხრეს, საბურავები დაახლოვებით 10 დღეში იქნება ადგილზე.

„მოცემულობა ასეთია: გურჯაანს ჰყავს ერთი გრეიდერი და ორი JCB მარკის ექსკავატორი ტრაქტორი. რაც შეეხება საბურავებს, იანვრის თვეში გვაქვს მოთხოვნა გაკეთებული. კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა აპრილის თვეში, სადაც გაიმარჯვა კომპანიამ „თეგეტა რითეინი“. მაისის ბოლოს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას. მიწოდების ვადა აქვს მაქსიმუმ 1 თვე, ანუ, დახლოებით 10 დღეში იქნება საბურავები. მანამდე ეს ორივე ექსკავატორი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად ყველგან გადაიჭრება ეს პრობლემა. ამ წუთას ორივე ტრანსპორტი ასრულებს სამუშაოებს სოფელ გურჯაანსა და ჭანდარში, “- აცხადებენ მერიაში.



| Print |
FaceBook Twitter Google