თვითმმართველობა
რომელ მუნიციპალიტეტს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება კახეთში - გაეცანით ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსს
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხი.

კახეთის რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასება კვლავაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა დაიმსახურა, ბოლო ადგილზე კი, წინა ანგარიშის მსგავსად ყვარლის მუნიციპალიტეტია.

რეგიონის მასშტაბით საბოოლოო შეფასება და პოზიციები ასეთია:

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - 63 % (64 მუნიციპალიტეტს შორის დაიკავა მე-3 ადგილი)
2. თელავის მუნიცპალიტეტი - 50% (64 მუნიციპალიტეტს შორის დაიკავა მე-8 ადგილი)
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტი - 35% (64 მუნიციპალიტეტს შორის დაიკავა 28-ე ადგილი)
4. გურჯაანის მუნიცპალიტეტი - 24% (64 მუნიციპალიტეტს შორის დაიკავა 46-ე ადგილი)
5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - 24% (64 მუნიციპალიტეტს შორის დაიკავა 48-ე ადგილი)
6. ახმეტის მუნიციპალიტეტი - 20 % (64 მუნიციპალიტეტს შორის დაიკავა 52-ე ადგილი)
7. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი - 18% (64 მუნიციპალიტეტს შორის დაიკავა 54-ე ადგილი)
8. ყვარლის მუნიცპალიტეტი - 16% (64 მუნიციპალიტეტს შორის დაიკავა 59-ე ადგილი)

64 მუნიციპალიტეტს შორის 1 ადგილი 75 % -ით დაიკავა ფოთის მუნიციპალიტეტმა ხოლო, ბოლო ადგილზეა ასპინძის მუნიციპალიტეტი 6%-ით.

თვითმმართველობის ინდექსით ფასდება როგორც მერიის საქმიანობა, ისე საკრებულოსი და საბოლოო ქულა სწორედ ამ ორი შედეგის მიხედვით დგინდება.



ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 101 კრიტერიუმს აერთიანებს.

ბლოკი 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება - მოიცავს 11 ქვებლოკსა და 53 კრიტერიუმს.
ბლოკი 2. ელექტრონული მმართველობა - მოიცავს 4 ქვებლოკსა და 27 კრიტერიუმს.
ბლოკი 3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება - მოიცავს 2 ქვებლოკსა და 21 კრიტერიუმს.




მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება (ბლოკი 1) და ელექტრონული მმართველობა (ბლოკი 2), ძირითადად, მათი ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის საფუძველზე ფასდება. ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების (ბლოკი 3) შეფასება ხდება მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის გზით და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილზე დაკვირვებით. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური ორგანო არ გასცემს ამა თუ იმ კრიტერიუმის შეფასების მიზნით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, მოცემულ კრიტერიუმში მას ავტომატურად ეწერება შეფასების მინიმალური ქულა.



როგორც ავტორები განმარტავენ, ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების მიზნით გამოიყენება სხვა დამატებითი საშუალებებიც:

• მუნიციპალურ ორგანოსთან სატელეფონო კომუნიკაცია;
• „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული დოკუმენტების შესწავლა;
• სხვა ოფიციალური (ონლაინ) წყაროების გამოყენება, რომლებიც კონკრეტული კრიტერიუმის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს.



ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება.



| Print |
FaceBook Twitter Google