რეკლამა
ურთიერთობების ხიდი სამხრეთ კავკასიაში
სამხრეთ კავკასია სამ ერთმანეთის მოსაზღვრე სახელმწიფოს აერთიანებს - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. სწორედ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, მაღალია აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მაცხოვრებელთა წარმომადგენლობა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ყველა დიდ ნაწილს - 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ (3.22 მილიონი ადამიანი), შემდგომ აზერბაიჯანელები - 6,3 პროცენტს (233 000 ადამიანი), ხოლო სომხები - 4,5 პროცენტს (168 100 ადამიანი).
სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTCP) ფარგლებში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობდა, რომელთა საერთო მიზანსაც საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა. თითოეული პროექტი სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა.

ტურისტული პოტენციალი
,,სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისათვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში” - ერთ-ერთი პროექტია, რომლის შესახებაც გვინდა მოგიყვეთ. ეს პროექტი ქვემო ქართლსა და განჯა-გაზახის რეგიონებში განხორციელდა, რომლის შედეგადაც შემუშავდა 5 საპილოტე ტურისტული მარშრუტი და გადამზადდა 40 ადგილობრივი გიდი. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული იყო 125 ახალგაზრდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებიდან, რომლებმაც მეწარმეების ხელშემწყობი და ტურისტული გიდების მოსამზადებელი კურსები გაიარეს. როგორც პროექტის მენეჯერი, მადონა ოქროპირიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა:

„შედეგად ჩვენ შევძელით არა მხოლოდ ტურიზმით დაინტერესებული ახალგაზრდების ერმანეთთან დაკავშირება და მათი პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარება, არამედ, შევქმენით მონაცემთა ბაზა, რომელშიც შევიყვანეთ როგორც არსებული და ჩვენ მიერ შემუშავებული ახალი ტურისტული მარშრუტები, ასევე ის ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მუშაობენ. ეს საშუალებას გვაძლევს, დაინტერესებული ტურისტები დავაკავშიროთ სწორედ ჩვენს ბაზაში არსებულ ადგილობრივ გიდებთან, რომლებიც დაეხმარებიან მათ ტურის მარტივად დაგეგმვაში. ამ ყველაფრის შედეგად, პროექტმა შეძლო, დაემყარებინა ქვეყნებს შორის კავშირები, რაც მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს, სარგებელი ნახონ არა მხოლოდ ცალკეულმა ადამიანებმა, არამედ სახელმწიფომაც, რისი პოტენციალიც ნამდვილად არსებობს“.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ლუკა დოლიძე, 21 წლის სტუდენტი, რომელიც ტურიზმის მიმართულებით სწავლობს. პროექტის ფარგლებში მან გაიარა ტურიზმის ბიზნეს ტრენინგების სამთვიანი კურსი. პრაქტიკული ტურების შემდეგ ახლა უკვე თავად უწევს ტურისტებს გიდობას ექსტრემალური და ეკოტურიზმის მიმართულებით. როგორც ლუკა გვიყვება, ტრენინგების განმავლობაში ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობისას მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა - „ვცხოვრობ მანგლისში. ეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი საინტერესო ღირშესანიშნაობით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სწავლება და გამოცდილება, რაც ამ პროექტიდან მივიღე. ახლა, შემიძლია, ტურისტებს თავადვე ვუმასპინძლო და გავუწიო გიდობა ჩემი ქვეყნის გასაოცარ ადგილებში. ჩემივე ინიციატივით, ჩვენი სახლი საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთე. მიღებული ცოდნა ძალიან მეხმარება ჩემი საქმიანობის უკეთესად განხორციელებაში“.

გარდა სასწავლო მიმართულებისა, ლუკა იმ კავშირების მნიშვნელობაზეც საუბრობს, რისი შესაძლებლობაც პროექტმა მისცა:
„ჩვენ გავცვალეთ დაგროვილი გამოცდილება. მოვიარეთ როგორც საქართველოს რეგიონი, ისე აზერბაიჯანის მხარე და ახლა უკვე ვიცით, რითი შეიძლება დავაინტერესოთ ტურისტები რეგიონში. ჩვენსა და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის დამყარდა მეგობრული ურთიერთობა, რაც მხოლოდ პროექტში მონაწილეობით არ შემოიფარგლება და სამომავლოდაც გრძელდება. ეს ორივე მხარეს გვეხმარება, დაინტერესებულ ადამიანებს შევთავაზოთ მეზობელ ქვეყანაში არსებული ტურისტული ტურები. ახლახან დამიკავშირდნენ აზერბაიჯანიდან და დახმარება მთხოვეს, რომ ჩენს რეგიონში ტურისტულ ჯგუფს გავუწიო გიდობა. სამომავლოდ, ჩვენც ვგეგმავთ აზერბაიჯანში ტურის ორგანიზებას. ამ პროექტმა ახალგაზრდებს მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეცვალა და გაგვეზიარებინა ინფორმაცია ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობების შესახებ, რაც, ფიქრობ, შემდგომ დადებითად აისახება თავად ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე“.

კულტურა და ტრადიციები

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში განხორციელდა, „გაიცანი მეზობელია“, რომლის მიზანსაც სომეხი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოება და ერთმანეთის ქვეყნების გაცნობა წარმოადგენდა. პროექტში კონკურსის წესით 24 ახალგაზრდა ჩაერთო - 12 სამცხე-ჯავახეთიდან, 12 კი - გიუმრიდან. მონაწილეებმა 12 დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომლებიც ამ ორი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს აღწერს.

პროექტის მენეჯერი მარინა კუპატაძე ამბობს, რომ პროექტმა შეძლო, ახალგაზრდებისთვის გაეცნო საზღვრისპირა მეზობლები და ეთამაშა ხიდის, შემაკავშირებლის როლი ურთიერთობებში: - „ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა დაგეგმილი ღონისძიებები. ყოველდღიურად ვხედავდით, როგორ უახლოვდებოდნენ და უმეგობრდებოდნენ ერთმანეთს მონაწილეები. თავიდან, თითქოს, იგრძნობოდა გაუცხოება, არსებობდა ენის ბარიერი, მაგრამ ეს ყველაფერი მალევე გაქრა. უფრო მეტიც, პროექტის დასაწყისში, ვგეგმავდით, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთის ოჯახებში ეცხოვრათ, მაგრამ როდესაც მათ ამის შესახებ ვკითხეთ, თავი შეიკავეს და სასტუმროში დარჩენა არჩიეს; აღნიშნავდნენ, რომ გაუჭირდებოდათ უცხო ოჯახსა და გარემოში ცხოვრება. უკვე მას შემდეგ, რაც პროექტის ფარგლებში ერთკვირიანი სასწავლო ბანაკი მოეწყო, მათ თავიანთი ნებით დაიწყეს ერთმანეთის სახლებში დარჩენა და ასე ვთქვათ, გადაცხოვრდნენ“.

„გაიცანი მეზობელი“ ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა შესაძლებლობა, შეესწავლათ დოკუმენტური ფილმის სპეციფიკა, ფოტოხელოვნება, მონტაჟი, სცენარის წერა, რეჟისურა, თავად გადაეღოთ და შეექმნათ ფილმები, პარალელურად კი, დაახლოვებოდნენ და გაეგოთ უფრო მეტი თავიანთი მეზობელი ქვეყნების შესახებ.
„მოეწყო ორი ბანაკი, ერთი ბორჯომში, მეორე გიუმრიში, რა დროსაც შეისწავლეს ყველა ის ტექნიკური ნაწილი, რაც მონაწილეებს ფილმების გადასაღებად სჭირდებოდათ. ამის შემდეგ დაიყვნენ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი დავყავით ამ პრინციპით - ორი სომხეთიდან და ორი საქართველოდან. შემდეგ მათ შემოგვთავაზეს ფილმის იდეები და თავადვე, ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, თუ რის შესახებ მოამზადებდნენ პროდუქტს. საბოლოოდ კი, მომზადდა 12 ფილმი, რომელიც გვიამბობს ადამიანურ ისტორიებს, მაგალითად, გიუმრიშში მცხოვრებ მეფაიტონეზე, ბორჯომის მკვიდრ თვითნასწავლ გიდზე, მეფუტკრეზე, კუკუშკაზე, როგორც საუკუნის მატარებელზე. გადაღებებზე მუშაობისას მათ უწევდათ დიდი ინფორმაციის გაცვლა, ეცნობოდნენ კულტურას, ისტორიას. ამ პროცესში ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე მხარეს ერთნაირი პრობლემები აწუხებდა და ძალიან ბევრი რამით ჰგავდნენ ერმანეთს“, - გვიყვება მარინა კუპატაძე.

თამარ თუმანიშვილი პროექტის - „გაიცანი მეზობელი“ ერთ-ერთი მონაწილეა, რომელმაც პროექტში ჩართვა რამდენიმე მეგობართან ერთად გადაწყვიტა. თამარი 21 წლის სტუდენტია და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს, რომ ეს ახალი გამოწვევა იყო მისთვის:
„პროექტის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შევისწავლე, რაც უშუალოდ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იყო საჭირო. ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი გამოგვივიდა. გარდა პრაქტიკული სწავლებებისა, ძალიან ბევრი რამ გავიგე მეზობელი ქვეყნისა და ხალხის შესახებ, ამიტომ ეს პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ერთი შეხედვით, არაფორმალურ გარემოში, მოგვცა შესაძლებლობა, გვქონოდა საერთო მიზნები, გავიცანით ერთანეთის კულტურა და ძალიან დავმეგობრდით. ენის ბარიერის მიუხედავადაც კი, მაინც ვახერხებდით კომუნიკაციას, თუნდაც ჟესტიკულაციით, ერთმანეთს ვეხმარებოდით ენის ბარიერის დაძლევაში, თარგმანში“.

თამარი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მეზობელ ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ, მით უმეტეს ისეთ სპეციფიკურ რეგიონში, როგორიც სამცხე-ჯავახეთია, სადაც არის სოფლები, რომლის 90% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. მისი თქმით, საზოგადოებაში ძალიან ბევრი სტერეოტიპია, რაც ხშირად იწვევს დაძაბულობას და ხელისშემშლელი ფაქტორია ურთიერთობების დასამყარებლად:
„მსგავსი პროექტები და მით უფრო, ამ პროექტებში ახალგაზრდების ჩართვა ხელს შეუწყობს იმ სტერეოტიპების მსხვრევას, რაც საზოგადოებაში არსებობს და ხელს გვიშლის ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია დავიწყეთ ერთმანეთზე არასწორი წარმოდგენებით, რაც ზუსტად ჩვენი საზოგადოებიდან და არასწორი ინფორმაციიდან მოდის. ბანაკში ყოფნის მეორე დღიდან უკვე ყველაფერი შეიცვალა და გაჩნდა ბევრი „თურმე“, რომ თურმე, ეს ისე კი არ არის, როგორც მანამდე მეგონა, თურმე - ასე ყოფილა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ურთიერთობებია. ამ პროექტმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს შეკავშირებაში“, - ასე აფასებს თამარი იმ გამოცდილებას, რაც პროექტის განმავლობაში შეიძინა.
ახალგაზრდების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმები ორივე ქვეყნის ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებით გადაიცა, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოეწყო კინოჩვენებები. თამარ თუმანიშვილისა და მისი გუნდის მიერ გადაღებული ფილმის - „საუკუნის მატარებელი“ ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ:
https://vimeo.com/329795265

ღირებულებები

„ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების სწავლების გზით“ - კიდევ ერთი პროექტია, რომელმაც სწორი ღირებულებების საფუძველზე ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დამეგობრება სცადა. შედეგად, ორივე ქვეყნის 335 მასწავლებელი გადამზადდა და 385-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა საზაფხულო ბანაკებში, სადაც ისინი სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

„პროექტში ჩაერთვნენ საზღვრისპირა რეგიონის არამხოლოდ ქალაქებიდან, არამედ სოფლებიდან. ახალგაზრდებმა ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღეს. დაგეგმილი კულტურულ-ისტორიული ტურებისა და ექსკურსიების განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად ემუშავათ არტეფაქტების აღმოჩენაზე; მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ ღონისძიებებში და ასევე, კულინარიულ მასტერკლასებში, რაც დაეხმარათ ერთმანეთის სამზარეულოსა და კულტურის გაცნობაში. მათ საშუალება ჰქონდათ, ერთად მოემზადებინათ კერძები და მსგავსი არაფორმალური ღონისძიებისას ვამჩნევდით, როგორ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს“, - ამბობს პროექტის მენეჯერი ლეილა სულეიმანოვა.
ახალგაზრდები ერთმანეთთან ოჯახებში ცხოვრობდნენ, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში. როგორც პროექტის მენეჯერი გვიყვება, ეს კიდევ ერთი ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე დადებითად იმოქმედა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტის მთავარი იდეა იუნესკოს 13 ცხოვრებისეულ ღირებულებას ეფუძნება, როგორიცაა - მშვიდობა, ტოლერანტობა, თავისუფლება, პატივისცემა, სიყვარული, ბედნიერება, თანამშრომლობა, თავმდაბლობა, ღირსება, სისადავე, ერთიანობა, პასუხისგებლობა და თანასწორობა. ყველა განხორციელებული აქტივობა, სწორედ ამ ღირებულებების სწავლებას მოიცავდა.

„პროექტის ფარგლებში დაარსდა ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული 20 ცენტრი ორივე ქვეყნის 10-10 სკოლაში, რომლებიც საზღვირსპირა რეგიონებში მდებარეობს. ოცივე ცხოვრებისეული ღრებულებების ცენტრს გადავეცით ფოტო და აუდიო აპარატურა, რათა საჭიროების შემთხვევაში საშუალება ჰქონდეთ, შეაგროვონ მაღალი ხარისხის მასალა. მნიშვნელოვანია, მათ გააჩნდეთ სათანადო რესურსი სამუშაოდ, ეს შესაძლებლობას მისცემს ცენტრებს, გააგრძელონ და გააღრმაონ ურთიერთობები და კავშირები“, - აღნიშნავს ლეილა სულეიმანოვა.

მარიამ ოქრიაშვილი 21 წლის სტუდენტია დმანისიდან, რომელიც პროექტიდან მიღებულ გამოცდილებაზე საუბრისას, გვიყვება, რომ სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, რაც მას სამომავლოდ ძალიან დაეხმარება: - „გარდა უამრავი საინტერესო ღონისძიებისა, პარალელურად გავდიოდით სხვადასხვა სწავლებას, მაგალითად, ვისწავლეთ, როგორ უნდა დაგვეწერა პროექტები და სამომავლოდ, ვფიქრობთ კიდეც, თავად ახალგაზრდებმა შევიმუშაოთ სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით ინიციატივა და ერთად ჩავერთოთ სხვადასხვა პროექტებში“, ამბობს მარიამი.

როგორც სხვა პროექტის მონაწილეები აღნიშნავდნენ, მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობამ მარიამის შეხედულებებზეც მოახდინა გავლენა: „საშუალება მქონდა, როგორც ჩემი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ღირებულებები გამეზიარებინა, ასევე, თავადაც გავცნობოდი აზერბაიჯანელი ხალხის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანულ ოჯახებში ცხოვრება, რადგან ის სითბო და მზრუნველობა, რასაც ჩვენ მათგან ვიღებდით, მხოლოდ დადებით ემოციებთან ასოცირდებოდა და ეს მზრუნველობა ძალიან გავდა ქართულ სტუმარ-მასპინძლობას. ვფიქრობ, რომ ურთიერთობების გამყარება სწორედ ერთმანეთის კულტურისა და ჩვეულებების გაცნობით იწყება. აუცილებელია, გვქონდეს ერთმანეთის შესახებ წარმოდგენები, ვინ ვართ, რა გვაერთინაებს, რა განგვასხვავებს და გვქონდეს ამ განსხვავებულის მიმღებლობა. სწორედ მეგობრული კავშირებია ის, რაც ხელს უწყობს სტერეოტიპების ნგრევას, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ, მონაწილეებმა ეს ნამდვილად შევძელით, შევძელით, დაგვემსხვრია სტერეოტიპები და ეს გაგვეთებინა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებით - მეგობრობით“.

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
ავტორი: თამარ კურატიშვილი

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google