სოფლის მეურნეობა
ამერიკული სიმინდის ოცნება
2011 წლის აჟიტირებულ "სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში" მონაწილე ფერმერთა ნაწილს სახლები დაუყადაღეს. მათ თესლის საფასურის გასტუმრება ვერ შეძლეს, რის გამოც სოფლის მეურნეობის კორპორაციამ სასამართლოს მიმართა.
ზემოთ აღნიშნული პროგრამა ხელისუფლების ინიციატივით 2011 წელს განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში საქართველოში ე.წ. "პიონერის” ჯიშის თესლი შემოიტანეს. დაინტერესებულმა ფერმერებმა ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, გლეხებს თესლის ღირებულება 2011 წლის ნოემბრისთვის უნდა დაეფარათ. სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ამირან რუაძეს ე.წ. "პიონერის" ჯიშის სიმინდი 29 ჰექტარზე ეთესა. როგორც ის ამბობს, უხარისხო თესლის გამო, ცუდი მოსავალი მოვიდა და ვალის გასტუმრება ვერ შეძლო.

- "ამ ფართობისთვის დაახლოებით 7 000 ლარის თესლი დამჭირდა, საერთო დამუშავება კი 48 000 ლარი დაჯდა. მოსავალმა არ ივარგა, ჰექტარზე ერთი ტონა, მთლიანობაში კი 30 ტონა მივიღე. ხორბალი მიზერულ ფასში, ერთი კილოგრამი 35 თეთრად გავყიდე. დამუშავებისთვისაც ბანკიდან ავიღე სესხი და დღესაც იმ ვალებს ვისტუმრებ, ერთი ბანკიდან რომ გამოვიტანდი კრედიტს, მეორეში ვიხდიდი. სხვა წლებშიც მომყავდა სიმინდი და კარგ მოსავალსაც ვიღებდი, არ მეგონა თუ ამ ჯიშის თესლი ცუდი ხარისხის იქნებოდა, თორემ არ გავრისკავდი. გვპირდებოდნენ დავალიანებას ჩამოგაწერთო. ხელშეკრულებას გვიგრძელებდნენ, მაგრამ ბოლოს გადასახადისგან არ გაგვათავისუფლეს. ქონება დამიყადაღეს, ფაქტობრივად, მოქალაქე აღარ ვარ, ვერაფრით ვერ ვსარგებლობ. ისე გამაუბედურეს, თითქმის ყველას მოვალე ვარ. არ ვიცი რა ვქნა, თავიდან უნდა დავიწყო ცხოვრება. თუმცა აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. მეგონა ეს მთავრობა სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ სად არის სამართალი?! ვისაც მცირე ფართობზე ეთესა, იმათ თანხა ჩამოწერეს, ვისაც ბევრი გვეთესა, ჩვენ ცუდ დღეში აღმოვჩნდით," - ამბობს ამირან რუაძე.

ამირან რუაძესთან ერთად, სხვა დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი იცავს.
- "ამერიკული წარმოების ჯიშის სიმინდი "პიონერი" ფერმერებს კონსიგნაციის წესით დაურიგდათ, ანუ თანხა მოსავლის აღების შემდეგ უნდა გაესტუმრებინათ. თესლი უხარისხო გამოდგა, მოსავალი არ მოვიდა და ფერმერებმა ვალის გადახდა ვერ შეძლეს. სახელმწიფო თანხის ჩამოწერას ჰპირდებოდა. მოუსავლიანობა მიანიშნებს იმაზე, რომ პრობლემა იყო არა ცალკეულ ფერმერში, არამედ სიმინდის თესლის ხარისხში. 2014 წლის დასაწყისში სოფლის მეურნეობის კორპორაციამ, რომლის უკანაც სახელმწიფო დგას, ფერმერებს თანხის ანაზღაურება მოსთხოვა. გლეხებმა უარი განაცხადეს, რადგანაც ზარალი ნახეს და ვალის გასტუმრება არ შეუძლიათ. უმრავლესობას ბინა ჰქონდა ჩადებული და ზოგიერთ მათგანს გარანტორმა კომპანიამ გაუყიდა, ნაწილი კი დაყადაღებულია, რადგან კორპორაციამ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თუ უწყება სასამართლო პროცესს მოიგებს, ბინა აუქციონზე გავა და კანონით დადგენილი წესით გაიყიდება."

ირაკლი უტიაშვილის განმარტებით, სიმინდის თესლის უხარისხობას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს. - "არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჩანს, რომ თესლი ნამდვილად უხარისხოა. გარდა ამისა, იკვეთება სხვა გარემოებებიც, კერძოდ, სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიერ დარღვეულია კანონით დადგენილი წესები, რაც სიმინდის თესლის რეალიზაციას ეხება. იგი უნდა ყოფილიყო გამოცდილი ორი წლის განმავლობაში საქართველოში, უნდა დადგენილიყო, თუ რამდენად შეეგუებოდა აქ არსებულ ნიადაგსა და კლიმატს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მომხდარიყო კომერციული მიზნით შეთავაზება. უწყების მიერ დარღვეულია საქართველოში სარეალიზაციოდ საჭირო კანონით გათვალისწინებული პირობები."

ადვოკატის თქმით, დაზარალებულ ფერმერებს არა თუ თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნიათ, არამედ სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის მიღებას ექვემდებარებიან. საკითხის გარკვევას "სპექტრი" სოფლის მეურნეობის კორპორაციაში შეეცადა. უწყების დირექტორის, ალექსანდრე ხოზრევანიძის განმარტებით, ფერმერებს თანხის გადახდის ვალდებულება რამდენჯერმე გადაუვადდათ.
- "მე ახალი დირექტორი ვარ და ეს ყველაფერი მემკვიდრეობით გადმომეცა. ვცდილობ, ამ საკითხში უფრო დეტალურად გავერკვე. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ თესლი არ ვარგოდა, ამის თქმა ასე ცალსახად არ შეიძლება. ბევრმა ფერმერმა ვალდებულება შეასრულა და თანხა დაფარა, ამ პროგრამიდან 6 მილიონი ლარი უკვე ამოღებულია. დარჩენილი არიან პრობლემატური ფერმერები, რომლებსაც ვალი რამდენჯერმე გადაუვადდათ, ყველა გონივრული ვადა ჩვენს მიერ ამოწურულად იქნა მიჩნეული. დაითქვა დრო, როდესაც ამ თანხების ამოღება გადაწდა. ეს უკვე კერძო დავაა ბანკსა და ფერმერს შორის, რომელშიც სა ხელმწიფო ვერ ჩაერევა."

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი მიიჩევს, რომ მთავრობამ პროგრამა გაუაზრებლად განახორციელა, რამაც გლეხების ნაწილი გააკოტრა.
- "ეს იყო გაუზრებლად და მოუმზადებლად დაწყებული პროგრამა. საქართველოში მუშაობს კომპანია, რომელიც ცნობილ ამერიკულ კორპორაციასთან "პიონერთან" თანამშრომლობს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შესთავაზეს, რომ ამ ჯიშის თესლი მათ შემოეტანათ და გაეყიდათ. კომპანია არ დათანხმდა და აუხსნა, რომ თესლის გამოუცდელად შემოტანა ცუდი შედეგით დამთავრდებოდა. საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ნიადაგური ქვეყანაა, ამიტომ თუ თესლი არ გამოიცადა და არ დადგინდა სად რომელი ჰიბრიდი გაიხარებს, დათესვა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. კომპანიის უარის მიუხედვად, ხელისუფლება თავხედურ ნაბიჯზე წავიდა და ხალხის დაშინებით თესლის დარიგება დაიწყო. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ რაიონში საშინელი შედეგი დადგა, გლეხებს დიდძალი ვალი დაედოთ და გაკოტრდნენ. იყო ადგილები, სადაც ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა. მაგალითად, ახალხციხეში და ლაგოდეხის რაიონის რამდენიმე სოფელში. ჰიბრიდულ სიმინდს აუცილებლად სჭირდებოდა მინერალური სასუქები და ანტიდეპრესანტები, რისი ყიდვის საშუალებაც ქართველ გლეხკაცს არ ჰქონდა და ჯერ არც ექნება. ეს იყო პიარ-კამპანიაზე გათვლილი პროგრამა, რომელსაც სააკაშვილის ხროვა ეწეოდა და გაუბედურებისკენ მიჰყავდა ქართველი გლეხი."- აღნიშნა მან.

ფაქტი ერთია, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე ფერმერების ნაწილი საცხოვრერელის გარეშე დარჩა, ნაწილის ბედს კი უახლოეს პერიოდში სასამართლო გადაწყვეტს.

| Print |
FaceBook Twitter Google