სამართალი
თავდასხმა "საქართველოს ბანკზე"
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზევე აღკვეთეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს-ფილიალში, რომელსაც დაცვის პოლიცია საგანგაშო ღილაკით იცავს, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის დაყაჩაღება სცადა.

"შსს-ს დაცვის პოლიციაში განგაშის სიგნალის შესვლისთანავე, ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული ირაკლი კ. ადგილზევე დააკავეს, ნივთმტკიცებად – ცეცხლსასროლი იარაღი და ხელჩანთა, ნაძარცვი თანხით ამოიღეს. აღნიშნული ფაქტი, შემდგომი რეაგირებისთვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაეცათ."-განმარტეს შსს-ში.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
| Print |
FaceBook Twitter Google