სამართალი
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან მამაკაცები 70 წლის, ხოლო ქალები 65 წლის ასაკიდან, 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული.

პროექტის თანახმად, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) და 182-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითვისება ან გაფლანგვა) გათვალისწინებულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან პირი გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ პირზე გავრცელდეს ამნისტია.

ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამნისტია უნდა აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
| Print |
FaceBook Twitter Google