სამართალი
გურჯაანის პროკურატურა პოლიციელების მიერ მოწმის შესაძლო ცემის ფაქტს იძიებს
გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სამართალდამცველების მიერ, მოწმე ზვიად უტიაშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე საქმე აღძრა.

საუბარია ომარ ცისკარაშვილის საქმეზე, რომელმაც მიმდინარე წლის 11 მაისს, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, პატრულ-ინსპექტორების მისამართით ისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოწმე ზვიად უტიაშვილმა, ვისი მანქანითაც, გამოძიების ცნობით, ბრალდებული გაიქცა, გასული წლის ნოემბერში პროცესზე განაცხადა, რომ ინცინდენტის ღამეს, დაკითხვამდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პროკურორს საქმის შესწავლა დაავალა.

როგორც speqtri.ge-ს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.



| Print |
FaceBook Twitter Google