სამართალი
მძღოლს, რომელმაც სოფელ ბადიაურში ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, ცხრაწლიანი პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ იმ მძღოლის საქმეზე, რომელმაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, განაჩენი გამოიტანა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ ჯამალაშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

უწყების ცნობითვე, მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით ოპელ-ვექტრას მარკის ავტომობილის მძღოლი, სამი მგზავრი და ავტომობილ ფორდ-ტრანზიტის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ტარიელ ჯამალაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ჯამალაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე ორი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

| Print |
FaceBook Twitter Google