სამართალი
36 აფთიაქის 16 ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 36 ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ხსენებული აფთიაქების მიერ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით რეცეპტის გარეშე, რეალიზებული იქნა 14 590 866 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული-ფსიქოტროპული მედიკამენტი, რითაც აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიიღეს ჯამში, 15 011 488 ლარის ოდენობის შემოსავალი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.







| Print |
FaceBook Twitter Google