სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა.

ერთ ერთი მათგანი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელია. როგორც გამოძიებამ დაადგინა, აღნიშნულმა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, ყალბი მიღება - ჩაბარების აქტებით და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით, თაღლითურად მიითვისეს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. (1,5 ჰა) მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციის შედეგად, ბრალდებულები კანონსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 1 000 000 ლარზე მეტს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ძველი მიღება - ჩაბარების აქტების ცარიელი ბლანკები.

გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google