გურჯაანში ლგბტ თემის წევრის ცემაში ბრალდებულს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
17 მაისს სოფელ გურჯაანში ლგბტ თემის წევრს სცემეს. ვალერი
speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა ქმედება მის იდენტობას
უკავშირდებოდეს.
როგორც გვიყვება, ბრალდებული მის მეგობარსაც დაესხა თავს. აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით ძიება სსკ-ის ორი- 126-ე (ძალადობა) და 120-ე
(ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით დაიწყო.
დაზარალებულის სტატუსი ვალერის პირველ ივნისს მიანიჭეს, ბრალდებული კი
2 ივნისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.
-„სოფელ გურჯაანში სტუმრად ვიყავით. დაახლოებით ღამის პირველი საათი
იქნებოდა, ქუჩაში ჩხუბისა და ყვირილის ხმა ისმოდა. მასპინძელმა თქვა,
მეზობლები კამათობენ, გავალ და დავაწყნარებო. ჩემმა მეგობარმაც
გაიხედა, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. მე გავედი და
ჭიშკრის დაკეტვას ვცდილობდი, თან ჩემი მეგობარიც შემოვიყვანე. ეზოში
შემოვარდა ვინმე ლევან ნადაშვილი ე.წ „მონტიროვკით“ ხელში. არაფერი
უკითხავს, მოულოდნელად ორჯერ ჩამარტყა თავში და გონება დავკარგე,
წავიქეცი, სისხლიანი ვიყავი, მეზობლებს ეგონათ, რომ მოვკვდი.
გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მასზე წინ მოვიდა
კრიმინალური პოლიცია. ვინც თავს დამესხა, აღნიშნავს, რომ ვითომ ქვებს
ვესროდი. რა სისულელეა, დამეფიცება, ეზოს გარეთ არც გავსულვარ და იმ
ეზოში კიდევ ქვას ვერ იპოვით. ჩვენებაში ამბობს, რომ მუშტი ჩამარტყა,
არადა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბლაგვი საგანი მაქვს ორჯერ
დარტყმული. იმ მომენტში მის ქმედებას ვერ მივეცი ჰომოფობიური მოტივი.
როგორც აღმოჩნდა, საერთო მეგობრები გვყოლია. აქედან გამომდინარე,
ვფიქრობ, შეიძლება მას სადმე ვყავდე ნანახი და ეს თავდასხმა
ჰომოფობიური იყოს. უბრალოდ თვალებში შემომხედა და ჩამარტყა. ასე
უმიზეზოდ ხომ არ მოიქცეოდა. “- აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.
როგორც ვალერი ჩვენთან საუბარში ამბობს, პოლიცია თავდაპირველად
არაადეკვატურად მოქმედებდა, რის გამოც მან გენერალურ ინსპექციაში
დარეკა.
-“თავხედურად იქცეოდნენ, მეუბნებოდნენ ნადაშვილი კარგი პიროვნებაა,
თავს არ დაგესხმებოდა, შენ ჩმახავ რაღაცეებსო. ერთ-ერთმა
თანამშრომელმა მითხრა, მოდი სელფი და ვიდეო გადავიღო არ გინდაო?
აგდებულად მელაპარაკებოდნენ. ერთ-ერთს სახელი და გვარი ვკითხე, რაზეც
მიპასუხა, მამაჩემის გვარიც ხომ არ გაინტერესებსო? სანამ სახალხო
დამცველის აპარატსა და გენინსპექციაში არ დავრეკე ყურადღება არ
მომაქციეს. შემდეგ ჩემს საქმეში რომელი გამომძიებელიც ჩაერთო, დავით
დანელიშვილი, ძალიან გაწონასწორებული და წესიერი პიროვნებაა, რაც
მთავარია, სამართლიანი და მიუკერძოებულია, მასთან პრეტენზია არ
გამაჩნია.“
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, ვალერის გენერალური ინსპექციიდან მყისიერად
დაუკავშირდნენ, თუმცა მან სამართალდამცველების მისამართით პრეტენზია
აღარ გამოთქვა, რაც შესაბამისი ოქმითაც დასტურდება.
მასალის გამოყენების პირობები