სამართალი
ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი და ყოფილი ინსპექტორი დააკავეს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებაში 14 პირის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გახსნა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულები არიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ.ს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

-"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის მაისში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები "სახალხო კრების" წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით. იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა გოჩა წიკლაური, ტარიელ მელქოშვილი, ვლადიმერ იმნაძე და საპროტესტო აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების კიდევ 11 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30 დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შესახლებულ იქნენ შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.
2011 წლის 21 მაისიდან 05 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს, საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით."- განაცხადეს პროკურატურაში.

უწყების ცნობითვე, პატიმრებს დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას არ აძლევდნენ , პერიოდულად საკნებში შედიოდა თ.ვ. და პატიმრებს საათობით ფეხზე დგომას აიძულებდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თ.ვ-ს და ვ.ს-ს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google