სამართალი
უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის 2 ფაქტი გამოვლიეს და ბრალდებულის სახით სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში დამუშავებული ქვის გადაზიდვას ახდენდა, თუმცა შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სატვირთო ავტომობილით დიდი ოდენობით - 48 100 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა.

მეორე შემთხვევაში, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „გუგუთის“ გავლით ბრალდებული, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ყვავილების ტრანზიტს ახორციელებდა. ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 65 450 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის უკანონო გადაზიდვას.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 825 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google