სამართალი
შსს ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბოლო პერიოდში ჩატარებული, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგები წარადგინა.
-"თითოეული პოლიციელი თავდაუზოგავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც უფრო აქტიურად ჩაერთვება დანაშაულთან ბრძოლაში, რათა ერთად დავიცვათ უსაფრთხოება და მართლწესრიგი.

გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარ ფაქტებსა და გახსნილ საქმეებზე. მათ შორის, 22 იანვარს ქალაქ ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული პირი თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, გადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს."

მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, გახსნილია ხაშურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიც. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, 1830 ლარი და მობილური ტელეფონები წაართვა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს ქურდობის ფაქტები: ბათუმში - 3, შიდა ქართლში -1, ხოლო ახალციხეში - 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6 პირი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამართალდამცველებმა კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 7 პისტოლეტი, 125 ცალი საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი და სხვა სახის იარაღი.

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა მოდელის 3 პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 17 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 344 ვაზნა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 2 დეტონატორი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.

მამუკა ჭელიძის განცხადებით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.  სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში და ახალქალაქში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google