სამართალი
შსს გახსნილი დანაშაულების სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე გახსნილ საქმეების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.


რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1.5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და დიდი ოდენობით ,,მეტადონი“ ამოიღეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. მათი უკანონო საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები.
შედეგად, ამოღებულია 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 81 აბი „მდმა“, 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ასევე ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი, 8 პირი. თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში ყაჩაღობის 5 ფაქტი გაიხსნა. გარდა ამისა, იმერეთში გახსნილია ჯგუფური ყაჩაღობის 1 ფაქტი და ყაჩაღობის მომზადების 1 ფაქტი. კერძოდ, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლში შეჭრას და ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია: ნიღბები, გადაჭრილი თოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
გახსნილია ქურდობის ფაქტები და ქურდობის 8 ფაქტზე დაკავებულია 9 პირი, კერძოდ: იმერეთში - 2, აჭარაში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 5. იმერეთში კი პოლიციამ ქურდობის ერთი ფაქტი აღკვეთა და 3 პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ბინიდან ნივთების მოპარავას ცდილობდნენ. თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აჭარაში ქურდობისთვის დაკავებულ ორ პირს ბათუმში, ქობულეთში და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლების ქურდობის არაერთ ფაქტში ედებათ ბრალი.

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები რკინიგზის სადგურზე არსებული „ოქროს ბირჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყალბ ოქროს ზოდებს ყიდიდნენ. პოლიციამ აღნიშნული პირები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ყალბი ოქროს ერთი ზოდი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google