სამართალი
პირი, რომელიც საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა, ცხელ კვალზე დააკავეს
სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული გ.კ. ძარცვის, ასევე, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1988 წელს დაბადებული გ.კ. ძარცვის, ასევე, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, გ.კ.-მ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანა გასტაცა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, განყოფილების მორიგესთვის იარაღის გამოძალვა სცადა. სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. გ.კ.-მ საპატრულო პოლიციის განყოფილებიდან გაქცევა მოახერხა. პოლიციელებმა ბრალდებული მიმალვის მცდელობისას, სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომანქანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის, ასევე, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 237 -ე მუხლის 4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.


| Print |
FaceBook Twitter Google