სამართალი
სოფელ აკურაში ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვაზის ნერგები მოიპარეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები მოდებაძეების ოჯახის განცხადებით, ნახევარ ჰექტარზე ახლადგაშენებული რქაწითელის ჯიშის ვაზის 1200 ნერგი მოიპარეს.
-" ნერგები შუა სოფელში, ღვინის ქარხნის სიახლოვეს გავაშენეთ, ბოლო დროს დაფესვიანებული ვაზის ნერგის მოპარვის შემთხვევები გახშირდა.  ჩემს მეგობარსაც 400 ძირი მოპარეს რამდენიმე თვის წინ, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სოფლის შუაგულში გაშენებული ნერგის წაღებას ვერ გაბედავდნენ. დაინტერესებულები არიან დაფესვიანებული ნერგებით , რომლის გადარგვაც თავისუფლად შეიძლება, ცივად დამყნობილი არ მიაქვთ, იმიტომ რომ ის არ ხარობს"- აღნიშნა თამარ მოდებაძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულმა სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-1 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს. დამნაშავის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მოდებაძეების ოჯახი კი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, ნერგები დაზიანებული კი არა, მოპარულია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აკურა / ქურდობა /