სამართალი
ყვარელში პოლიციელი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
როგორც speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს გ.მ. ქალაქ ყვარელში, ერთ-ერთ ქუჩაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ქანდაურიშვილმა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობის ასრულებდა, მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. გ.მ. პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს დაესხა და დანით სხეულზე 2 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა სამართალდამცველმა თავდამსხმელის განიარაღება და დაკავება შეძლო.

შსს-ს ცნობითვე, ამ დროისთვის გიორგი ქანდაურიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

-"იმავე საღამოს, დაკავებული გ.მ.-ს ძმა -ა.მ., თანასოფლელებთან ერთად, პოლიციის შენობასთან მივიდა, უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ძმის გათავისუფლებას ითხოვდა. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, წესრიგი დაეცვა და შენობის ეზო დაეტოვებინა. სამართალდამცველებმა ა.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ადგილზე დააკავეს."-განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ანალოგიური დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google