სამართალი
სიღნაღის სასამართლომ მეუღლის ცემაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ სცნო  სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი.მ.-მ 2018 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის ჯ.ა.-ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რა დროსაც თავის არეში ხელისა და მობილური ტელეფონის მრავალჯერადი დარტყმით მას ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დანარჩენი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი.


| Print |
FaceBook Twitter Google