სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების ტრანსპორტიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში, სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს. სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური შემოსავლების სამსახურთან ერთად აქტიურად ახორციელებს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთას. სავაჭრო ობიექტებში პერმანენტულად ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მიმდინარე წელს, 1 იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული წესით ამოღებულია 14 000-ზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამავე პერიოდში,საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 31 საქმეზე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა 46 051 კოლოფს შეადგენს. სისხლის სამართლებრივი დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო
| Print |
FaceBook Twitter Google