ახალი ამბები
დედოფლისწყაროში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად მიმალვაში მყოფი ლ.ბ. კი ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დედოფლისწყაროში, 9 ძმის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, უკანონოდ შეაღწიეს, სადაც ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებსა და სამკაულებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ნაქურდალი ნივთების ერთი ნაწილი გადამალეს, დანარჩენი ნივთები კი მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლომბარდში ჩააბარეს, ასევე, თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ ახლოს მდებარე ე.წ. „ოქროს ბირჟაზე“ და ქალაქ ყვარელში გაყიდეს.

სამართალდამცველებმა რეალიზებული და გადამალული ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების ცნობითვე, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება.





| Print |
FaceBook Twitter Google