სამართალი
რუსეთის მოქალაქე იარაღის უკანონო შეძენა -შენახვის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების, თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა 1959 წელს დაბადებული ვ.ე. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ე.-მ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში უკანონოდ შეიძინა 1991 წელს დაბადებული შ.დ.-ს სახელზე რეგისტრირებული „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც თავისი კუთვნილი ავტომანქანით რუსეთის ფედერაციაში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადაჰქონდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- გადაზიდვის ფაქტზე, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მომზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადატანის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს
236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 18-236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 19-214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს

| Print |
FaceBook Twitter Google