სამართალი
ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა სატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" გავლით, საქართველოში 232 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოიტანა. ხოლო ორ შემთხვევაში, მოქალაქეები არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების მალულად შემოტანას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით და ხელბარგში არსებული სამალავის გამოყენებით ცდილობდნენ.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 8 კგ-მდე ვერცხლისა და 480 გრ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google