სამართალი
სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების და გულგრილობის ფაქტებზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა, ერთ - ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაკვეთით, სოფელ ფონიჭალაში ბაგა-ბაღის შენობის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა. მან უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 267 488 ლარს.

გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა დაქირავებულ საზედამხედველო კომპანიას, რომლის წარმომადგენლებმაც, თავის მხრივ, არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები. მათ ისე დაამოწმეს დოკუმენტები, რომ არ მოახდინეს ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობების ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან შედარება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google