სამართალი
9 თვეში ოჯახური ძალადობის ფაქტზე 5472 შემაკავებელი ორდერი გაიცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.
როგორც უწყებაში ამბობენ,  გაიზარდა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობა, რაც განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით.

უწყების ინფორმაციით, გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აგრეთვე, გამოცემული შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი: 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ. 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი;

"შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო - 9%, 2018 წლის 9 თვეში - 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) - 4%;

გაიზარდა გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც. 2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, 2018 წლის 9 თვეში კი სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 100-მდე სისხლის სამართლის საქმეში;

გაუმჯობესდა ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გააქტიურებით;

დაიწყო და მიმდინარეობს პოლიციის დანაყოფებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული გარემოს მოწყობა,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google