სამართალი
ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ - საქმეს გურჯაანის სასამართლო იხილავს
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. არსებითი საქმის განხილვამდე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა.
შოშიაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს 8 000 ლარად შეფასებული გრემის კულტურის სახლი 700 000 ლარად აყიდინეს. წლების განმავლობაში კი იძულებით „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე თანხებს არიცხინებდნენ.

მოპასუხე მხარედ წარმოდგენილები არიან საქართველოს ბანკი, ფინანსთა სამინსიტრო, საქართველოს მთავარი პროიკურატურა, ადგილობრივი თვითმმართველობა და პროკურატურის გამომძიებელი წინა ხელისუფლების დროს ბექა ბასილია.

-„2007 წლიდან დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის იძულება. მიბარებდნენ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ თანხას მარიცხინებდნენ. დამაგვირგვინებელი იყო დამნაშავე პირის ბექა ბასილაიას მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც დღეს მოპასუხის სკამზე იჯდა. თუმცა, ძალიან მალე ის ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება. იძულებით მაყიდინეს გრემის კულტურის სახლი. სწორედ ამ აუქციონის ბათილობას ვითხოვ სასამართლო პროცესზე. ბასილაია მაშინ საქართველოს პროკურატურის გამომძიებელი გახლდათ. ის პირადად იყო კოორდინაციაში საქართველოს ბანკთან. მისი დარეკვის შემდეგ, ისე რომ მე ბანკთან კომუნიკაციაში არ ვყოფილვარ და არც აუქციონში მიმიღია მონაწილეობა, მაყიდინეს გრემის კულტურის სახლი. ასევე 420 000 დოლარი ჩემი ნებართვის გარეშე პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე გადაირიცხა. ჩემი კომპანიები დახურული და განადგურებულია. ჩვენს ქონებებს ადევს ყადაღა. სწორედ ამ ყადაღის მოხსნაზე და კომპანიების ამუშავებაზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.“- განაცხადა შოშიაშვილმა.

ბრალდებებს უარჰყოფს იმდროინდელი პროკურატურის გამომძიებელი ბექა ბასილაია.

„საუბრობენ იძულებაზე, როდესაც ერთი საათითაც კი მოცემულ საქმეზე დაკავებული არავინ ყოფილა. საუბრობენ იძულებაზე, მაშინ, როდესაც მისი არცერთი კომპანია ერთი დღითაც კი არ გაჩერებულა, ყადაღა არ დადებია ანგარიშებს. აპელირებენ პოლიტიკურ ზეწოლაზე მაშინ, როდესაც სწორედ მოსარჩელე მხარის წამრომადგენლები 2007-2010 წლებში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველები. არანაირი მტკიცებულება, რომ გრემის კულტურის სახლი გამოძიებამ აყიდინა იძულებით, არ არსებობს. ვალერი შოშიაშვილს მიცემული აქვს ჩვენება, სადაც ადასტურებს, რომ მისი მხრიდან ხდებოდა გადასახადისგან თავის არიდება, ფულის გათეთრება, ეს საქმეში დევს. შოშიაშვილი მე ვამხილე გამოძიების ეტაპზე მრავალმინიონიან ფულის გათეთრების საქმეში და ახლა იმიტომ მასახელებს, თითქოსდა მას იძულებით დააფინასნებინეს „ნაციონალური მოძრაობა“ და აყიდინეს გრემის კულტურის სახლი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, 2013-2014 წელს შოშიაშვილის კომპანიებს რომელთა მიმართაც საქმეს მე ვიძიებდი, დაერიცხა რამდენიმე მილიონი ლარი გადასახადი. აქედან უკვე პოლიტიკურად ვაჭრობს, რომ აღნიშნული გადასახადი ჩამოეწეროს.“- განაცხადა ბასილაიამ.

დღევანდელ პროცესზე მოსარჩელე მხარემ სარჩელის დაზუსტებისთვის ერთკვირიანი ვადა ითხოვა. მოსამართლე რომან კუპატაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის გამოც პროცესი გადაიდო.


| Print |
FaceBook Twitter Google