სამართალი
პოლიციამ საგარეჯოში სამი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს სამი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ., 1997 წელს დაბადებული გ. ქ. და 1979 წელს დაბადებულ რ. ვ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „აკს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ასევე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ თულარში დააკავეს მ.კ. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ „ტტ“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

სამართალდამცველებმა გ.ქ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაცნობთან სტუმრად იმყოფებოდა. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება რ.ვ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების, ხოლო მ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით.




| Print |
FaceBook Twitter Google