სამართალი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას და 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას მოითხოვდა, რაც მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს ბრალდებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

-„სასამართლომ თქვა, რომ დავით კირკიტაძე უნდა დარჩეს პატიმრობაში, რადგან არსებობს მიმალვის საფრთხე. დღეს, მოსამართლემ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო. მან განმარტება გააკეთა პროცესზე, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც პირდაპირ აღნიშნულია, რომ მიმალვისა და თავის არიდების საფრთხე ვერ იქნება მიჩნეული პატიმრობის გამოყენების საფუძვლად. მოსამართლემ სხვა რისკებთან დაკავშირებით ვერ გააკეთა მინიშნება, არც სხვა დანაშაულზეა საუბარი და არც მოწმეთა ზემოქმედების საფრთხეზე, ვინაიდან ყველა მოწმე პოლიციელია“.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google