სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 193 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.


უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 193 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 30 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 67 ფაქტი, გურიაში - 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8 ფაქტი, შიდა ქართლში - 87, ქვემო ქართლის მასშტაბით - 43 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 61 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google