სამართალი
პოლიციამ გარემოს დაცვის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
სამართალდამცველებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული ერთი პირი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა, ცხელ კვალზე დააკავეს.
აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

წინასწარი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბესიკ შუბითიძეს ნავში მსხდომმა უცნობმა ნიღბიანებმა ესროლეს და დაჭრეს, იყო საპასუხო ცეცხლი, რა დროსაც ერთ-ერთი ბრაკონიერი ფეხის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ცნობისთვის, შემთხვევა გურჯაანში, გუშინ, ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა შუბითიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

საქმეზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google