სამართალი
შსს პირველი აპრილიდან მძღოლებს ნარკოტიკულ თრობაზე შეამოწმებს
პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციას, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ნებისმიერი მძღოლის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების უფლება ექნება. გერმანიაში წარმოებული 10 ათასი ნარკოტესტერი უკვე საქართველოშია.


უწყების ინფორმაციით, პროცედურა სულ სამწამიანია. პროცედურის შემდეგ, აპარატს 4-დან 8 წუთამდე სჭირდება იმის საჩვენებლად, აქვს თუ არა მოქალაქეს ბოლო 8 საათის განმავლობაში მიღებული რომელიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გერმანული ფირმის ტესტერის შესაძლებლობებშია აღმოაჩინოს ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი. ასევე მარიხუანის, ჰაშიშის, ექსტაზის, კოკაინისა და 6-მდე ოპიატის თრობა.

ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. 275-ე და 276-ე მუხლების ახალი რედაქციით კანონდარღვევა ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლება შეეზღუდოს. ჯარიმის ოდენობის მოსამართლე ინდივიდუალურად განსაზღვრავს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნარკოტესტი / შსს /