სამართალი
თავდასხმა თუ მოგერიება? - ბესიკ შუბითიძის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატი საუბრობს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრის ფაქტზე ბრალი ორ პირს აქვს წარდგენილი.
თორნიკე ტურიაშვილს თანამდებობის პირზე თავდასხმას ედავებიან და მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შეეხება უჩა ილაშვილს, მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარედგინა.

დაცვის მხარის მტკიცებით, ორივე ბრალდება არასწორად დაკვალიფიცირდა.

-„ბრალდებუალად არის ცნობილი თორნიკე ტურიაშვილი, ე.წ. „ბრაკონიერი“, რომელიც უკანონო თევზჭერას ახორციელებდა და რომელმაც ბესიკ შუბითიძე დაჭრა. რეალურად, გამოძიება ცალმხრივად მიმდინარეობს. საერთოდ არ არის გამახვილებული ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ტურიაშვილს კიდურების არეში ოთხი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. სროლა თავად სამმართველოს უფროსმა დაიწყო გასაბერ ნავზე მჯდომი მეთევზის მისამართით, თუმცა ამ ფაქტს რატომღაც მალავენ. ბრალს არასწორი კვალიფიკაცია აქვს, ედავებიან თანამდებობის პირის მკვლელობის მცდელობას, რაც უფრო ამძიმებს დანაშაულს. ინცინდენტის მომენტში, ბესიკ შუბითიძეს ეცვა მხოლოდ ტრუსი და არა სამსახურებრივი ფორმა, თავისი ჩვენებითვე ამბობს, რომ ალაზნის მეორე მხარეს გადადიოდა. ტურიაშვილს ვერ ეცოდინებოდა შუბითიძე ვინ იყო და რა დანიშნულებით იმყოფებოდა იმ ადგილას. მკვლელობის მცდელობით დაკვალიფიცირება არასწორია, რადგან ექსპერტიზის დასკვნები სრულად არ ჩამოსულა. გამოძიების ბოლოს შეიძლება სულ სხვა რეალობის წინაშე დავდგეთ და აღმოჩნდეს, რომ ტურიაშვილი მოქმედებდა მოგერიების ფარგლებში, ან ადგილი ჰქონდა მოგერიების ფარგლების გადაცილებას, რაც სულაც არ არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, “-აცხადებს ადვოკატი მაია უტიაშვილი.

დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ უჩა ილაშვილს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატი კი განმარტავს, როცა პირს იმ დანაშაულის შეუტყობინელობას ედავები, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ არის, კვალიფიკაცია არასწორია.

-„უჩა ილაშვილი პასუხისგებაში მისცეს დანაშაულის განუცხადებლობისთვის. ბრალი 276-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის განუცხადებლობას გულისხმობს. განუცხადებლობა არ შეიძლება ბრალად წარგედგინოს მაშინ, როდესას დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა. არ ითვალისწინებენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, არც გამოძების დასრულებას ელოდებიან. პროკურატურა უჩა ილაშვილის მიმართ ითხოვდა წინასწარ პატიმრობას. მოსამართლემ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, აღკვეთი ღონსძიების მკაცრი ფორმა არ გამოიყენა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მის დაპატიმრებას ითხოვდა, არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ გარეთ ყოფნით თითქოს ხელს შეუშლიდა გამოძიებას და მტკიცებულებებს გაანადგურებდა. როდესაც აღკვეთის ღონისძებას ვიხილავდით, გაირკვა, რომ ტურიაშვილის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უკვე მოპოვებული ჰქონდათ. ილაშვილი ორჯერ დააკავეს, ჯერ ტურიაშვილთან ერთად. თითქოს ილაშვილმა ხელი შეუშალა სამართალდამცველებს დაკავებაში. წინააღმდეგობის გაწევა არ დადასტურდა და გამოუშვეს. სამი დღის განმავლობაში გამოძიებასთან თანამშრომლობდა და დაკითხვაზეც მიდიდოა. სამი დღის მერე დააკავეს იმ მოტივით, რომ შეიძლება მიმალულიყო. თუ მიმალვა, უნდოდა ამას თავიდანვე გააკეთებდა და გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა,“- ამბობს ადვოკატი.

რა მოხდა მოხდა რეალურად, განახორციელა თუ არა პირველმა გასროლა ბესიკ შუბითიძემ, ამის გარკვევას speqtri.ge გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში შეეცადა. თუმცა როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

ჩაიდინეს თუ არა დანაშაული ბრალდებულებმა, ეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ტურიაშვილს 7-დან 11 წლამდე, ხოლო ილაშვილს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.



| Print |
FaceBook Twitter Google