არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს
დაბადებული სამი პირი - მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან - თ.ჯ.-სა და
ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით,
თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და
ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო
გზის გავლით წაიყვანა. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით
მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები