სამართალი
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე გაათავისუფლეს
თელავის რაიონულ სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
სხდომაზე დაცვის მხარემ, აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და უმცროსი ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, სოფელ ყანდაურაში მერის წარმომადგენელი ნანა ტაველიშვილი.

ამასთან, ტაველიშვილმა განაცხადა, რომ სამხარეო პოლიციაში დაიბარეს და დაემუქრნენ, მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა.
ტაველიშვილის თქმითვე, სამართალდამცველები მასზე 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

"13 მაისს კახეთის სამხარეო პოლიციაში დაიბარეს, მისვლისთანავე დაიწყო ჩემზე ზეწოლა, დამახვედრეს გამზადებული ჩვენება შაბლონის სახით. მე ხელი არ მოვაწერე და განვუმარტე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ არ ვყოფილვარ, მე მხოლოდ ვიყავი მტკიცებულებების დალუქვის დროს. უარი რომ განვაცხადე ხელის მოწერაზე, დაიწყეს მუქარა, მახსენენდნენ, რომ საჯარო მოხელე ვიყავი, ჩემს ოჯახსაც შეეხნენ, შემახსენეს რომ მანქანით ვმოძრაობდი და დამიჭერდნენ. მთელი ეს მუქარები 4 საათი გრძელდებოდა. ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე. ვითხოვდი ადვოკატთან დარეკავს, დამცინოდნენ დარეკეო მაგრამ ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა," განაცხადა ნანა ტაველიშვილმა.

სასამართლო სხდომას მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე ესწრებოდა, უფროსმა ომარ გამყრელიძემ ავადმყოფობის გამო სასამართლოზე მისვლა ვერ შეძლო.



| Print |
FaceBook Twitter Google